Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია პირადად გამოეხმაურა იმ ხმებს, რომლის თანახმადაც ის თანაგუნდელ მაიკ ჯეიმსს ეჩხუბა და ამერიკელი ლეგიონერის გუნდიდან დათხოვნის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ეს ფაქტორი გახდეს. თოკომ კომენტარი ევროლიგაში ბერლინის ალბასთან მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელშიც ის ყველაზე შედეგიანი იყო.

“მთელი ჩემი გუნდით ვამაყობ. ვიბრძოლეთ, გვჯეროდა, რომ დადებით შედეგს მივაღწევდით და საბოლოოდ, ალბას დამარცხება მოვახერხეთ. მეორეს მხრივ, იძულებული ვარ გაჩენილ ჭორებს გამოვეხმაურო და ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა, მინდა ეს ტვირთი ჩამოვიშორო. თუკი თქვენ მედიაპლატფორმა გაგაჩნიათ, ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ყველა ჭორი გაიმეოროთ და მომხდარის შესახებ ნებისმიერი მოსაზრება გაავრცელოთ. ჩემთვის უსიამოვნოა საკუთარ თავზე იმ ინფორმაციის გაცნობა, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. თანაგუნდელთან ცხოვრებაში არასდროს მიჩხუბია, ასე რომ, უბრალოდ მეგობრულ რჩევას მოგცემთ – ინფორმაცია გადაამოწმეთ. რადგანაც, მისი გამოქვეყნებითა და კონკრეტული გვარების დასახელებით თქვენ ამ ადამიანების რეპუტაციას ეხებით. არცერთ შემთხვევაში არ მინდა უპატივცემულობა გამოვავლინო, ამაზე არც მიფიქრია, თუმცა, ჩვენს ურთიერთობაში ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს”, - დაწერა ქართველმა კალათბურთელმა ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ შენგელიასა და ჯეიმსის შესაძლო კონფლიქტზე გუშინ პირველმა Sport-Express-მა დაწერა და შემდეგ ეს ინფორმაცია Eurohoops-მაც გაავრცელა, რასაც პირველ რიგში თავად ამერიკელი მცველის კატეგორიული რეაქცია მოჰყვა.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ჯეიმსს რამდენიმე დღის წინ გამზრდელი ბაბუა გარდაეცვალა და გარკვეული ხნით აშშ-ში წასვლის უფლება ითხოვა, რაზეც უარი მიიღო და ძალიან განაწყენდა. სიტუაცია საბოლოოდ ევროლიგის გასულ ტურში აირია, როდესაც ცსკა-მ შინ სტამბოლის ფენერბაჰჩესთან წააგო, ამერიკელმა ლეგიონერმა კი გუნდის მთავარი მწვრთნელის დიმიტრის იტუდისის კრიტიკა არ მიიღო და შეეპასუხა. ამის გამო, ჯეიმსს მძიმე საუბარი ჰქონდა რამდენიმე თანაგუნდელთანაც და კონფლიქტი მხოლოდ მას შემდეგ ჩაცხრა, რაც მასში ცსკა-ს სხვა კალათბურთელები ჩაერივნენ.

სხვათა შორის, პრესაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ცსკა ჯეიმსის შემცვლელად კიდევ ერთ ამერიკელ კალათბურთელს, 29 წლის შაბაზ ნაპიერს განიხილავს, რომელიც ბოლოს ვაშინგტონ უიზარდსის ღირსებას იცავდა, ახლა კი, თავისუფალი აგენტია. ნაპიერი 2014 წლის დრაფტზე 24-ე ნომრად იქნა არჩეული, NBA-ს 345 მატჩში მისი საშუალო სტატისტიკა კი ასეთია: 7.1 ქულა, 2.5 პასი, სამქულიანები 34.5%.

📺 ალბა v ცსკა [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები