Thumbnail
  • შარლოტი 106:116 ინდიანა
  • ქართველმა ცენტრმა 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ბლოკ-შოტი მიითვალა

21 წლის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-2 მატჩი ჩაატარა და ეს, ამ ჩემპიონატში პირველად მოხდა. ქართველ ლეგიონერს სათამაშო დრო მიეცა იმის მიუხედავად, რომ ლიეტუველი დომანტას საბონისის ტრავმა მძიმე არ გამოდგა და ის მოედანს ისევ სასტარტო ხუთეულში დაუბრუნდა.

ეს ეპიზოდი მატჩის ჰაილაითებში მოხვდა

შარლოტ ჰორნეთსთან მოგებულ (116:106) შეხვედრაში ბითაძემ 11 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 4 მოხსნა (1 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერის 2 ბლოკ-შოტიდან 1 მატჩის ჰაილაითებში მოხვდა, რადგანაც ძალიან ლამაზი გამოდგა. შარლოტელთა ფორვარდი პი ჯეი ვაშინგტონი ბურთის ცალი ხელით ჩატენვას ცდილობდა, როდესაც გოგამ ის ასევე ცალი ხელით ჰაერიდან “ჩამოხსნა”.

საინტერესოა, რომ პეისერსის რიგებში 28 ქულით ყველაზე შედეგიანი სათადარიგო ფორვარდი დაგ მაკდერმოტი იყო, ხსენებულმა საბონისმა მორიგი სამმაგი დუბლი (22 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი) შეასრულა, მალკოლმ ბროგდონმა კი 25 ქულას 7 მოხსნა და 6 პასი წაამატა.

ამ წარმატების წყალობით, ინდიანამ 11 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი, 30 იანვარს ისევ ჰორნეტსთან ჩატარებს, ამჯერადაც სტუმრად.

📺 ბითაძე შარლოტთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები