Thumbnail
  • ფილადელფია სიქსერსი 107:106 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლეიკერსი ამ სეზონში სტუმრად პირველად დამარცხდა
  • ლებრონ ჯეიმსი ყურადღების ცენტრში ჯარიმის გამო მოექცა

NBA-ში ეს დღის ტოპ-მატჩი იყო, რადგან ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების ლიდერები ხვდებოდნენ!

ფილადელფიამ ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ბოლო წუთებზე კინაღამ უაზროდ გააჩუქა, მაგრამ საბოლოოდ სიქსერსისთვის ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდა. ეს ტობიას ჰარისის “გეიმვინერის” დამსახურებაა, რომელმაც ფილას 107:106 გამარჯვება მოუტანა.

ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია

ლეიკერსისთვის ეს სეზონში პირველი მარცხი იყო გასვლით მატჩში. ჰარისმა ჯამში 24 ქულა (10/16) დააგროვა და “გეიმვინერი” საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე ჩააგდო. მანამდე კი მასპინძელთა რიგებში ჯოელ ემბიიდი (28 ქულა) და ბენ სიმონსი (17 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი) დომინირებდნენ.

წესით, ფილადელფიელებს არც ბოლო წამებზე უნდა ენერვიულათ. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სიქსერსი ლეიკერსს კომფორტული 14-ქულიანი უპირატესობით უგებდა, მაგრამ მერე მასპინძლებმა წამებში ყველაფერი აურიეს და იმდენი მოახერხეს, რომ ლეიკერსმა დაწინაურებაც კი შეძლო. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, სულ ბოლოს ჰარისმა სტატუს კვო აღადგინა.

ლეიკერსიდან მოწოდების სიმაღლეზე მხოლოდ სუპერვარსკვლავები - ლებრონ ჯეიმსი (34 ქულა) და ენტონი დევისი (23) იდგნენ, დანარჩენებს კი ბევრი არაფერი გაუკეთებიათ.  დენის შრიოდერმაც (16 ქულა) ბოლოს გაიღვიძა, თუმცა აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებზე მისმა 8 ქულამ ლეიკერსს კინაღამ თამაში მოაგებინა.

მესამე მეოთხედში იყო ეპიზოდი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ლებრონ ჯეიმსმა 2014 წლის შემდეგ პირველად (!) მიიღო არასპორტული ჯარიმა, ე.წ. Flagrant Foul. მან ფილადელფიას ლიდერ ჯოელ ემბიიდს ჩატენვის მცდელობისას ხელი ჰკრა. ემბიიდი ცუდად დაეცა და პაუზა მოუწია, თუმცა მერე დაბრუნდა და მალევე სამქულიანიც ჩააგდო.

“ძალიან სახიფათო საქციელი იყო. გარანტიას გაძლევთ, ეს რომ მე გამეკთებინა, გამაძევებდნენ,” - თქვა მატჩის შემდეგ ემბიიდმა.

19 თამაშის შემდეგ 13 გამარჯვებითა და 6 მარცხით ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ ლიდერია. ლეიკერსმა კი ამ მარცხის გამო დასავლეთში ლიდერობა იუტა ჯაზს დაუთმო, რომელმაც დალას მავერიკსი 116:104 დაამარცხა და საერთოდ, იუტას 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ფილადელფია-ლეიკერსის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები