- საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი ცნობილია
- ეროვნულ ლიგას დინამო თბილისისა და წყალტუბოს სამგურალის მატჩი გახსნის
- დინამო ბათუმი სასტარტო ტურში სტუმრად ქუთაისში ტორპედოსთან ითამაშებს
საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს დაიწყება. ტურნირის კალენდარი ეროვნული ლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.
ეროვნული ლიგის ახალი სეზონის გახსნის მატჩი "დინამო არენაზე" ჩატარდება, სადაც მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი ქვედა ლიგიდან დაწინაურებულ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
იმავე დღეს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი ჩემპიონატს ქუთაისში გასვლითი შეხვედრით დაიწყებს, სადაც 20:00 სთ-ზე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტორპედოს დაუპირისპირდება.
28 თებერვალს პირველი ტურის კიდევ ორი მატჩი ჩატარდება - გორის დილა "თენგიზ ბურჯანაძეზე" ქობულეთის შუქურას მიიღებს (18:00 სთ), ხოლო თელავი "კავკასიონი არენაზე" - სამტრედიას (20:00 სთ).

სასტარტო ტური 1-ელ მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საბურთალოსა და ლოკომოტივის დაპირისპირებით დასრულდება (19:00 სთ).
საგულისხმოა, რომ ეროვნული ლიგის მე-3 ტურში მოქმედი ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის დაპირისპირება შედგება. 10 მარტს დინამო თბილისი დინამო ბათუმს უმასპინძლებს.
კომენტარები