Thumbnail

მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია იცავს, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკელი ლეგიონერი მაიკ ჯეიმსი ვარჯიშებს იქნა ჩამოშორებული და მისი საკითხი საბოლოოდ მალევე გაირკვევა. ამასთანავე, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჯეიმსთან განშორება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მან ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიასთან იჩხუბა, თუმცა, თავად ამერიკელმა ეს ინფორმაცია კატეგორიულ ფორმებში უარყო.

“მიმდინარე სეზონში მაიკს კლუბში კონფლიქტი არაერთხელ ჰქონდა, ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი კი ის გახდა, რომ ის გუნდის კიდევ ერთ ვარსკვლავურ ლეგიონერ თორნიკე შენგელიას წაეკიდა. მათ შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მოხდა. სწორედ იმიტომ, რომ გუნდში სიტუაცია არ არეულიყო, ცსკა-მ გადაწყვეტილება მიიღო ჯეიმსი შემადგენლობის მიღმა დაეტოვებინა და მასთან ურთიერთობის გაწყვეტაზე ეფიქრა”, - დაწერა Sport-Express-მა და ეს ინფორმაცია მალევე Eurohoops-მაც გაავრცელა.

ჯეიმს სწორედ ამ ცნობამ აღაშფოთა და სოციალურ ქსელში საკმაოდ ხისტი იყო:

“ყველაფერს საზღვარი აქვს. მორჩით ამ სისულელების წერას. ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს თოკოსთან ვიჩხუბე. ცოტა გონებას მოუხმეთ. არ შეიძლება მედიამ ის წეროს, რაც მოუნდება. ადრეც მითქვამს თქვენთვის, რომ იდიოტები ხართ. Eurohoops მართალი მითხარით, ასეთ ინფორმაციას რატომ ავრცელებთ? ვიცი, რომ მზად ხართ ყველაფერი გადაბეჭდოთ, მაგრამ იქნებ ჯერ საკითხში კარგად გაერკვეთ ან საღ აზრს მოუხმოთ”.

მალევე Eurohoops-მა ამერიკელ კალათბურთელს მოუწოდა ამგვარი საუბარის ნაცვლად იმ რეალურ მიზეზებზე ესაუბრა, რამაც მისი ცსკა-სთან კონფლიქტი გამოიწვია. ამაზე მაიკმა უპასუხა, რომ კონკრეტულად იმ ჟურნალისტთან საუბარი სურს, ვინც აღნიშნული სტატია დაწერა. “შენ მძიმე ადამიანი ხარ. ერთხელაც საბერძნეთში ჩამოვალ და მანდ დავილაპარაკებთ”.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ჯეიმსს რამდენიმე დღის წინ გამზრდელი ბაბუა გარდაეცვალა და გარკვეული ხნით აშშ-ში წასვლის უფლება ითხოვა, რაზეც უარი მიიღო და ძალიან განაწყენდა. სიტუაცია საბოლოოდ ევროლიგის გასულ ტურში აირია, როდესაც ცსკა-მ შინ სტამბოლის ფენერბაჰჩესთან წააგო, ამერიკელმა ლეგიონერმა კი გუნდის მთავარი მწვრთნელის დიმიტრის იტუდისის კრიტიკა არ მიიღო და შეეპასუხა. ამის გამო, ჯეიმსს მძიმე საუბარი ჰქონდა რამდენიმე თანაგუნდელთანაც და კონფლიქტი მხოლოდ მას შემდეგ ჩაცხრა, რაც მასში ცსკა-ს სხვა კალათბურთელები ჩაერივნენ.

რუსული გრანდი ევროლიგის მორიგ ტურში ბერლინის ალბასთან სათამაშოდ ჯეიმსის გარეშე გაემგზავრა, თავად ვარსკვლავურმა კალათბურთელმა კი ინსტაგრამში ცსკა-ს ოფიციალური ვებ-გვერდისა და თანაგუნდელების გვერდების გამოწერა გააუქმა. ცხადია, რომ მაიკის წასვლა რუსული გრანდისთვის, რომელიც ევროლიგის მოსაგებად იბრძვის, დიდი დარტყმა იქნება. მიმდინარე სეზონში ჯეიმსის საშუალო მაჩვენებლები 31.04 წუთი, 19.9 ქულა, 3.5 მოხსნა და 5.8 პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები