Thumbnail

'ჩვენ შენთან ვართ საქართველო!' - კიევის დინამოს ფანების ბანერის ამბავი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კიევის დინამოს პრეზიდენტმა 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ამბავი გაიხსენა
  • დინამო-სპარტაკის შეხვედრის დროს კიევის სტადიონზე ქართულენოვანი ბანერი ეკიდა  

კიევის დინამოს პრეზიდენტმა იგორ სურკისმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ამბები გაიხსენა, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. 

სწორედ იმ პერიოდში კიევის დინამოს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ მოსკოვის სპარტაკი ჰყავდა, რომელსაც ჯერ 13 აგვისტოს სტუმრად 4:1 მოუგო, ორი კვირის შემდეგ კი უკრაინის დედაქალაქში იმავე ანგარიშით დაამარცხა. იგორ სურკისმა გაიხსენა კიევის სტადიონზე გამოფენილი ბანერის ამბავი, რომლითაც უკრაინული გუნდის ფანები თანადგომას რუსეთთან ომში ჩაბმულ საქართველოს უცხადებდნენ.

იგორ სურკისი კიევის დინამოს პრეზიდენტი 2002 წლიდანაა

"სწორედ მაშინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი… სპარტაკს 4:1 მოვუგეთ, ჩამოვედით კიევში საპასუხო მატჩისთვის. ვშფოთავ, როგორც დინამოს რიგითი გულშემატკივარი, რომლისთვისაც სპარტაკი წითელი ნაჭერივითაა. და აი, ვთამაშობთ კიევში, ჩვენმა ულტრასებმა კი გამოფინეს ბანერი ქართული წარწერით. ჩემთან საგარეო საქმეთა მინისტრი გაჩნდა და მეკითხება: რა წერია იქ ქართულად? მე საიდან უნდა მცოდნოდა. ის კიდევ მოდის და მეკითხება, რა წერია იქ.

კიეველებმა სპარტაკს ორი მატჩის ჯამში 8 გოლი გაუტანეს 

ჩემს გვერდით რეზო ჭოხონელიძე იმყოფება, რომელმაც უნდა იცოდეს ქართული, მაგრამ პასუხს არ იძლევა - ან ვერ ხედავს, ან ვერ თარგმნის. და მინისტრმა მესამეჯერაც რომ მოირბინა, ვუპასუხე: წერია, რომ დინამო ქართველ ხალხთან ერთადაა.

ვიკტორ იუშენკო (უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი) ცერა თითს მიჩვენებს და ამბობს: ვო! მაგრამ ის სიტყვები ჩემი ვარაუდით წარმოვთქვი, რათა ფეხბურთის ყურების საშუალება მოეცათ. სინამდვილეში კი რა ეწერა ბანერზე, დღემდე არ ვიცი. მაშინ ის თამაში მოვიგეთ და ძალიან გავიხარეთ", - აქვეყნებს უკრაინული მედია სურკისის სიტყვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები