Thumbnail
  • უეფას პრეზიდენტმა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ისაუბრა
  • ალეკსანდერ ჩეფერინის თქმით, ტურნირს ევროპის 12 ქალაქი მიიღებს
  • სტადიონებზე გულშემატკივრების დასწრების საკითხი ჯერაც ღიაა

უეფას ხელმძღვანელების შეხვედრაზე იმ 12 ქალაქის წარმომადგენლებთან, რომლებმაც წელს ევროპის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლონ, ასოციაციის პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა დაადასტურა, რომ ტურნირი უკვე დადგენილი ფორმატით, ევროპის 12 ქალაქში ჩატარდება.

უეფას ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, მოხდება თუ არა ევრო 2020-ის მატჩებზე მაყურებლების დაშვება. ეს საკითხი აპრილის დასაწყისში გადაწყდება.

“უეფა ევრო 2020-ის ჩატარებას წინასწარ დაგეგმილ 12 ქალაქში აპირებს. ევროპის ჩემპიონატი კონტინენტზე უმთავრესი სანაკრებო ტურნირია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროა ფეხბურთის განვითარებისა და მისი მასობრიობისთვის.

კორონავირუსის პანდემიამ ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაავადა

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმისთან დაკავშირებით, რომ ტურნირის მოახლოებასთან ერთად ვირუსთან დაკავშირებული ვითარება შეიცვლება. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზატორ ქალაქებსა და ქვეყნების ხელისუფლებებს მიეცეთ მეტი დრო იმ სურათის უფრო მკაფიოდ დანახვისთვის, რომელსაც ივნის-ივლისში უნდა ველოდოთ.  

ფეხბურთს განსაკუთრებულს დიდწილად გულშემატკივრები ხდიან და ეს ეხება როგორც ევროპის ჩემპიონატს, ისე სხვა ნებისმიერ ტურნირს. მაქსიმალურად დიდი სივრცე უნდა შევიქმნათ მანევრისთვის, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ფეხბურთის გულშემატკივრების სტადიონებზე დაბრუნება", - აქვეყნებს ჩეფერინის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

საქართველოს ნაკრებმა ევროს საგზური ჩრდილოეთ მაკედონიას დაუთმო

ევრო 2020, რომელიც შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა, 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება და პირველობისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს. ბოლო დროს არაერთი მედიასაშულება წერდა, რომ ტურნირის უეფას წევრი 12 ქვეყნის 12 ქალაქში გამართვა არარეალური იყო.

ევროპის ჩემპიონატის მატჩების ჩატარება ამსტერდამში (ნიდერლანდები), ბაქოში (აზერბაიჯანი), ბილბაოში (ესპანეთი), ბუქარესტში (რუმინეთი), ბუდაპეშტში (უნგრეთი), კოპენჰაგენში (დანია), დუბლინში (ირლანდია), გლაზგოში (შოტლანდია), ლონდონში (ინგლისი), მიუნხენში (გერმანია), რომსა (იტალია) და სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი) იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები