Thumbnail

‘გერმანიისთვის აღარასოდეს ვითამაშებ’ - იოზილი თურქეთში ბედნიერია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფენერბაჰჩემ მესუთ იოზილი პომპეზურად წარადგინა
  • შეფები მას მხსნელად მოიხსენიებენ
  • მესუთი გერმანიაში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავს

ლონდონის არსენალიდან სტამბოლის ფენერბაჰჩეში გადასულმა მესუთ იოზილმა ახალ კლუბში წარდგენისას გერმანიის ნაკრებში დაბრუნება კატეგორიულად გამორიცხა.

“მათ წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მე გერმანიისთვის აღარასოდეს ვითამაშებ,” - განაცხადა 32 წლის გამთამაშებელმა და იქვე დასძინა, რომ მისი ბუნდესლიგაში დაბრუნების შანსიც აღარ არსებობს.

იოზილი, რომელიც გერმანიის ნაკრებთან ერთად 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ფენერში პომპეზურად წარადგინეს. საინტერესოა, რომ პრეზენტაციის დაწყების შემდეგ მესუთმა პირველი სიტყვა 39 წუთის შემდეგ თქვა! ეს იმიტომ, რომ თავიდან ფენერის პრეზიდენტმა ალი კოჩმა 24 წუთი ილაპარაკა ტრანსფერის მნიშვნელობაზე, მერე მესუთზე ფილმი აჩვენეს, რის შემდეგაც უკვე კლუბის სპორტულმა დირექტორმა ემრე ბელოზოღლუმ ილაპარაკა.

მესუთ იოზილი, ალი კოჩი და ემრე ბელოზოღლუ

“არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ძალიან ვნერვიულობ და ბედნიერი ვარ. ყოველთვის ფენერბაჰჩეს ფანი ვიყავი და აქ ამიტომაც ვარ,” - ეს იყო იოზილის პირველი სიტყვები 39-წუთიანი ლოდინის შემდეგ.

კითხვაზე, სჯერა თუ არა ფენერთან ერთად ტიტულების მოგების, მესუთმა ასე უპასუხა: “რა თქმა უნდა! ფენერბაჰჩე ყოველთვის თითოეული ტიტულის მოგების კანდიდატია.” გრძნობს თუ არა წნეხს? “ფეხბურთელი ყოველთვის და ყველგან ზეწოლის ქვეშაა. დიდ კლუბებში ვთამაშობდი და ეს კარგად ვიცი. ფენერბაჰჩე არის კლუბი, რომელიც მიყვარს. მაქსიმუმს გავაკეთებ!”

თურქული გრანდის ხელმძღვანელები მას მხსნელად მოიხსენიებენ: “ჩვენთან ის მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, ვინ არის მესუთ იოზილი,” - განაცხადა ფენერის პრეზიდენტმა ალი კოჩმა და დასძინა: “შვებულება დამთავრებულია, შრომა იწყება. მან იცის, რას ველით მისგან და იცის, რას ნიშნავს მისი ტრანსფერი კლუბისთვის და მთელი ქვეყნისთვის.”

ფენერის პრეზიდენტის თქმით, იოზილმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და ამისათვის დიდ ფინანსურ დათმობებზე წავიდა. “მაგრამ მას თავის ოჯახთან ერთად თურქეთში ცხოვრება სურდა და ამისათვის ყველაფერი გაიღო,” - დასძინა კოჩმა. იოზილის პრეზენტაციას სოციალური ქსელების მეშვეობით დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა უყურა.

კომენტარები

ბოლო ამბები