Thumbnail

დინამო ბათუმმა სეზონისთვის მზადების ფარგლებში პირველი ამხანაგური შეხვედრა გაგრასთან ჩაატარა (2:2). თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული შეხვედრა საქართველოს ვიცე-ჩემპიონების შემადგენლობაში სადებიუტო გამოდგა ლუკაშ გროცურეკისთვის, რომელიც ბათუმელთა გუნდს ახლახან შეუერთდა.

29 წლის ავსტრიელმა გარემარბმა, რომელსაც ავსტრიის ბუნდესლიგაში, ასევე გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში უთამაშია, გაგრასთან პირველი ტაიმი ჩაატარა. მატჩის შემდეგ ლუკაშმა კომენტარი გააკეთა.

📺 ლუკაშ გროცურეკის და ლადო დვალიშვილის კომენტარები

"გუნდთან ერთად არც მივარჯიშია. ხუთი დღე საწოლში ვიწექი, რადგანაც გარეთ გასვლა არ შემეძლო. ჯერჯერობით არც ბათუმი მინახავს. ეს ამხანაგური მატჩი იყო. მოედანზე მხოლოდ 45 წუთი გავატარე და ვფიქრობ, პირველი თამაშისთვის ნორმალური გამოვიდა. აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. ჩემს კარგ მეგობარს, ოთო კიტეიშვილს დავურეკე. მან მწვრთნელზე კარგი რაღაცები მითხრა. გეგუჩაძე საქართველოში დიდი მწვრთნელია. მას უნდა, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და მეც ამის სურვილი მაქვს." - განაცხადა ავსტრიელმა.

წლის პირველ მატჩსა და გროცურეკის დებიუტზე კომენტარი დინამო ბათუმის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმაც გააკეთა: "ეს შეხვედრა ფუნქციონალური მდგომარეობის აღდგენას ემსახურებოდა და რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა გამიჭირდება. ლუკაშისთვის პირველი მატჩი იყო. მას ჯერ არ უვარჯიშია და გვჯერა, რომ კარგად ითამაშებს. მისი დიდი იმედი გვაქვს".

📺 დინამო ბათუმი V გაგრა

დინამო ბათუმი მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილს თბილისში გაივლის და კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი 31 იანვარს თბილისის ლოკომოტივთან ისპარინგებს, 1-ე თებერვალს კი - თელავთან.. 4 თებერვლიდან 20 თებერვალმდე კი ბათუმელები თურქეთის ქალაქ ბელეკში გააგრძელებენ მზადებას, სადაც ასევე რამდენიმე ტესტ-მატჩის ჩატარება იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები