Thumbnail

დინამო ბათუმმა წლის პირველი სპარინგი თბილისის ზღვის ბაზაზე, ქვედალიგელ გაგრასთან გამართა. გია გეგუჩაძის გუნდმა ანგარიშში ორბურთიანი ჩამორჩენა მეორე ტაიმში გააბათილა - 2:2. ბათუმელთა რიგებში გოლებით გიორგი ფანცულაია და ვაკო თევდორაძე (პენალტით) გამოირჩნენ. 

თამაშის შემდეგ დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და ბათუმელთა მხრიდან პირველი გოლის ავტორმა გიორგი ფანცულაიამ კომენტარი გააკეთეს.

"ამ მატჩებში სხვა მიზნები გვაქვს და ამის გამო, მოთამაშეებისთვის დრო გადავანაწილეთ. ამ ეტაპისთვის ყველა მოთამაშეს საკმარისი დრო მიეცა, რაც განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება არ მინდა. ახლა მზადების პირველი ეტაპი დავასრულეთ. გვაქვს დრო შეკრებაზე გამგზავრებამდე, რის შემდეგაც საჭირო ინფორმაციას მივიღებთ," - განაცხადა გეგუჩაძემ.

გაგრას პირველი გოლი ფანცულაიამ გაუტანა

გიორგი ფანცულაია, რომელიც დინამო ბათუმს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, სადებიუტო მატჩში გოლით გამოირჩა. 26 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ადაპტაციაზე ისაუბრა: "გუნდში ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთი ოჯახივით ვართ. ვემზადებით ახალი სეზონისთვის და დატვირთვების ფონზე გვიწევს შეხვედრების გამართვა. გარკვეული ხარვეზები გვქონდა. გარკვეულწილად შეთამაშებულები უკვე ვართ, მაგრამ კიდევ უფრო კარგად შევთამაშდებით და ამ ხარვეზებს გამოვასწორებთ. ცხადია, ამ ეტაპზე ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ და შემდეგი მატჩებისთვის მოვუმატებთ".  

📺 დინამო ბათუმი V გაგრა

დინამო ბათუმი მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილს თბილისში გაივლის და კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი 31 იანვარს თბილისის ლოკომოტივთან ისპარინგებს, 1-ე თებერვალს კი - თელავთან.. 4 თებერვლიდან 20 თებერვალმდე კი ბათუმელები თურქეთის ქალაქ ბელეკში გააგრძელებენ მზადებას, სადაც ასევე რამდენიმე ტესტ-მატჩის ჩატარება იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები