Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ში, რომლის ღირსებასაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იცავს, დიდი სკანდალი მწიფდება. გუნდის დატოვებას აპირებს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მაიკ ჯეიმსი, მიზეზი კი, ცსკა-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისთანა და პარტნიორებთან არეული ურთიერთობებია.

ამ ამბის შესახებ პირველმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო ლორენციმ დაწერა, რომელიც თავის დროზე ომენიას მენეჯერი გახლდათ. ჯეიმსი 2013-14 წლებში სწორედ ამ ნაკლებადცნობილი კლუბის ღირსებას იცავდა და როგორც სჩანს, იტალიელთან ურთიერთობას ინარჩუნებს, ამდენად, ლორენცის სიტყვები – “ისტორია სრულდება. მაიკი მოსკოვს ტოვებს” – ყველამ სერიოზულად აღიქვა.

ცხადია, ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სკანდალის დამატებითი დეტალებიც გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ჯეიმსს რამდენიმე დღის წინ გამზრდელი ბაბუა გარდაეცვალა და გარკვეული ხნით აშშ-ში წასვლის უფლება ითხოვა, რაზეც უარი მიიღო და ძალიან განაწყენდა.

სიტუაცია საბოლოოდ ევროლიგის გასულ ტურში აირია, როდესაც ცსკა-მ შინ სტამბოლის ფენერბაჰჩესთან წააგო, ამერიკელმა ლეგიონერმა კი გუნდის მთავარი მწვრთნელის დიმიტრის იტუდისის კრიტიკა არ მიიღო და შეეპასუხა. ამის გამო, ჯეიმსს მძიმე საუბარი ჰქონდა რამდენიმე თანაგუნდელთანაც და კონფლიქტი მხოლოდ მას შემდეგ ჩაცხრა, რაც მასში ცსკა-ს სხვა კალათბურთელები ჩაერივნენ.

მდგომარეობა რომ ძალიან რთულია, საბოლოოდ დადასტურდა დღეს, როდესაც რუსული გრანდი ევროლიგის მორიგ ტურში ბერლინის ალბასთან სათამაშოდ ჯეიმსის გარეშე გაემგზავრა, თავად ვარსკვლავურმა კალათბურთელმა კი ინსტაგრამში ცსკა-ს ოფიციალური ვებ-გვერდისა და თანაგუნდელების გვერდების გამოწერა გააუქმა.

მოსალოდნელია, რომ მოსკოველები ჯეიმსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უკვე მიმდინარე კვირაში მიიღებენ (გაჩნდა ინფორმაცია, რომ მის შემცვლელს უკვე ეძებენ) და ეს იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგანაც ამერიკელ ლეგიონერს ცსკა-სთან კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ცხადია, რომ მაიკის წასვლა რუსული გრანდისთვის, რომელიც ევროლიგის მოსაგებად იბრძვის, დიდი დარტყმა იქნება. მიმდინარე სეზონში ჯეიმსის საშუალო მაჩვენებლები 31.04 წუთი, 19.9 ქულა, 3.5 მოხსნა და 5.8 პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები