Thumbnail
  • თომას ტუხელმა ჩელსისთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა
  • გერმანელი სპეციალისტის პირველი კომენტარი

ლონდონის ჩელსიმ ოფიციალურად დაადასტურა - კლუბს გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი გაწვრთნის.

ტუხელი "სტემფორდ ბრიჯზე პარიზში გატარებული ორ-ნახევარი წლის მერე გადავიდა. შეგახსენებთ, რომ ის პსჟ-ს მწვრთნელობიდან დეკემბერში გაანთავისუფლეს და მის ნაცვლად მაურისიო პოჩეტინო დანიშნეს. ჩელსიში ტუხელი ფრენკ ლამპარდს შეცვლის, რომელიც ლონდონურმა კლუბმა ორიოდე დღის წინ მოხსნა. 

თომას ტუხელი პირველი გერმანელი იქნება, რომელიც ჩელსის გაწვრთნის. პსჟ-მდე ტუხელი 7 წლის განმავლობაში ბუნდესლიგის კლუბებს წვრთნიდა, ჯერ მაინცს, შემდეგ დორტმუნდს. ჩელსიში მას დახვდებიან კრისტიან პულიშიჩი და ტიაგო სილვა, რომელთაც შესაბამისად, დორტმუნდსა და პარიზში წვრთნიდა. ტუხელმა ჩელსისთან 18-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელია. 

თომას ტუხელი: "ჩელსის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი ნდობისათვის. დიდ პატივს ვცემ ფრენკ ლამპარდს და მის მიერ გაწეულ შრომას ჩელსიში. ამავე დროს, ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები და გავეცნობი გუნდს. მოხარული ვარ, რომ ევროპის ყველაზე სანახაობრივ ლიგაში მომიწევს მუშაობა. ახლა მეც ჩელსის ოჯახის წევრი ვარ".

ტუხელი ჩელსიში პირველ ვარჯიშს დაუყოვნებლივ, საღამოს სესიაზე ჩაატარებს, რადგან გუნდს ხვალ ვულვერჰემპტონთან პრემიერლიგის მატჩი ელის. თომას ტუხელი ჩელსის მე-13 მწვრთნელია, მას მერე, რაც კლუბს რუსი მილიარდელი რომან აბრამოვიჩი ფლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები