Thumbnail

'ფეხბურთს ძალიან მაგრად თამაშობს' - ჯანო ანანიძე ხაბიბ ნურმაგომედოვზე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე დაახლოებით ნახევარი წელია უგუნდოდ იმყოფება. ის ცოტა ხნის წინ დუბაიში, მოსკოვის სპარტაკის შეკრებაზე დააფიქსირეს. თუმცა, ჯანო ყოფილ გუნდთან ერთად არ ემზადება, უბრალოდ იქ გიორგი ჯიქიას მიწვევით იმყოფებოდა.

ანანიძემ Championat-თან თქვა, რომ მოსკოვურ გუნდში თავისუფალი დღეებია და ვინაიდან თვითონაც დუბაიში იყო, შეკრებაზე მივიდა. მათ ფეხბურთი UFC-ს ლეგენდარულ მებრძოლ ხაბიბ ნურმაგომედოვთან ერთად ითამაშეს. ჯანო გაკვირვებული დარჩა ხაბიბის საფეხბურთო ნიჭით და აღნიშნა, რომ ის ძალიან მაგრად თამაშობს.

"ჯიქიამ იცოდა, რომ დუბაიში ვიყავი და მასთან კონტაქტი გვქონდა. სპარტაკს 24-27 იანვარს თავისუფალი დღეები აქვს. ჯიქია თანახმა იყო ხაბიბთან ეთამაშა და დამირეკა, მეც დავთანხმდი. მან სპარტაკის გუნდში დამამატა. მშვიდად ვითამაშეთ. ძალიან გამიკვირდა თუ როგორ თამაშობს ხაბიბი ფეხბურთს. ვიცოდი, რომ მას ძალიან უყვარს ეს სპორტი, მაგრამ მეგონა, რომ ისე ვერ ითამაშებდა, როგორც თვითონ ამბობდა. თუმცა, ასე არ აღმოჩნდა - ხაბიბი ძალიან მაგრად თამაშობს, ბევრი გოლი გაიტანა. ჯიქიას ვუთხარი: "თქვენ არ გყავთ საკმარისი შემტევები, კოკორინი გუნდიდან წავიდა. გაიფორმეთ ხაბიბი სპარტაკში"... ზოგადად, ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და ფეხბურთი ვითამაშეთ. ხაბიბი შესანიშნავი ბიჭია", - თქვა ანანიძემ.

ანანიძე და ჯიქია ძალიან კარგი მეგობრები არიან

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძის ბოლო კლუბი ვოლგოგრადის როტორი იყო, რომელსაც შარშან შემოდგომით ისე დაშორდა, გუნდის მაისურით ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ამის მიზეზი მუხლის ტრავმა გახდა. მანამდე ნახევარმცველმა კვიპროსულ ანორთოსისშიც ითამაშა, მისი კარიერის უდიდესი ნაწილი კი სწორედ მოსკოვის სპარტაკს უკავშირდება, რომელიც შარშან იანვარში დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები