Thumbnail
  • პაპუ გომესმა ბერგამოს ატალანტა უკვე დატოვა
  • 32 წლის ფეხბურთელი სევილიაში ითამაშებს

ბერგამოს ატალანტას კაპიტანი ალეხანდრო 'პაპუ' გომესი სევილიაში ითამაშებს. ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია, არგენტინელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს ოფციალურად მოაწერს. გომესის სანაცვლოდ იტალიური კლუბი მთლიანობაში 8 მილიონ ევროს მიიღებს - 5.5 მილიონ ევროს პირველ ეტაპზე და მოგვიანებით 2.5 მილიონს. ფეხბურთელი ანდალუსიელებთან 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა.

გომესმა იტალია უკვე დატოვა და სევილიაში გაფრენამდე Sky Sport-თან კომენტარიც გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან დამწუხრებულია და ბერგამო ყოველთვის მის გულში იქნება:

"ამდენი წლის შემდეგ იტალიის და ამ ქალაქი დატოვება ძნელია. მოწყენილი ვარ, მაგრამ ამავდროულად კმაყოფილიც. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ყველაფერს გავიმეორებდი, რაც ამ გუნდში მისვლის პირველივე დღიდან გავაკეთე, რადგან ამ კლუბის ისტორია დავწერეთ. ზოგჯერ რაღაცები ხდება, მაგრამ ყველაფერს გავიმეორებდი, იმიტომ, რომ ახლა ატალანტა ევროპის ტოპკლუბებშია. ვწუხვარ ტიფოზების გამო, ძალიან დამაკლდებიან. ჩემთვის ბერგამო სახლია, ეს ქალაქი ჩემს გულშია. სხვა სათქმელი არაფერია, მალე შევხვდებით", - თქვა გომესმა.

გომესისა და გასპერინის ურთიერთობა ძალიან ცუდად დასრულდა

არგენტინელი შემტევი ატალანტას ლიდერი იყო, მაგრამ გუნდის დატოვება მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან კონფლიქტის გამო მოუწია. 1 დეკემბერს, მიდტიულანდთან მატჩში გომესმა მწვრთნელი მითითება არ შეასრულა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა და საბოლოოდ, ყველაფერი არგენტინელის წასვლით დასრულდა.

პაპუ გომესი ბერგამოს ატალანტას 2014 წელს ხარკოვის მეტალისტიდან შეუერთდა და ლომბარდიულ გუნდში ჩატარებულ 252 თამაშში 59 გოლი გაიტანა. მისი დიდი წვლილით ატალანტამ ამ წლებში არაერთ წარმატებას მიაღწია, მათ შორის გამოსაყოფი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები