- დალას მავერიკსი 113:117 დენვერ ნაგეთსი
- ლუკა დონჩიჩმა შთამბეჭდავი სამმაგი დუბლი შეასრულა
- სლოვენიელი მაიკლ ჯორდანს კიდევ ერთ კატეგორიაში გაუთანაბრდა
- მიუხედავად ლუკას ასეთი თამაშისა, დალასი ისევ დამარცხდა
- 10 ქულა ტორონტოსთან - გოგა ბითაძე ათამაშეს და შედეგიც სახეზეა
წუხელ ლუკა დონჩიჩს კიდევ ერთი ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა!
დენვერ ნაგეთსთან 113:117 წაგებულ მატჩში, მავერიკსის ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა კიდევ ერთხელ შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება - და თან, როგორის! 35 ქულასთან ერთად, რაც უკვე შთამბეჭდავი შედეგია, მან 11 მოხსნა და 16 პასი გააკეთა.
21 წლის დონჩიჩი ამით მინიმუმ 30-ქულიანი სამმაგი დუბლების კატეგორიაში მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა. ამ კატეგორიის რეიტინგში ახლა ორივე მე-8 ადგილზეა. საერთო ჯამში შესრულებული სამმაგი დუბლებით კი დონჩიჩი (31) მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, უკვე მე-13 ადგილზეა და Air Jordan-ზე წინაა.
მიუხედავად ლუკას ასეთი თამაშისა, დალასმა მატჩი მაინც წააგო. რიკ კარლაილის გუნდი დენვერთან 113:117 დამარცხდა. მავერიკსმა პირველი ტაიმი 12-ქულიანი ჩამორჩენით წააგო და მართალია, მესამე მეოთხედში დაბრუნდა (ეს პერიოდი დალასელებმა 36:22 მოიგეს), მაგრამ თამაშის შეტრიალება მაინც ვერ მოახერხეს. ბოლო მეოთხედში ნაგეთსმა თავისას მაინც მიაღწია.
დონჩიჩის შემდეგ გუნდში საუკეთესო ტიმ ჰარდაუეი გახლდათ 19 ქულით. კრისტაპს პორზინგისმა 16 ქულა ჩააგდო. დენვერიდან მაიკლ პორტერ ჯუნიორმა ითამაშა შთამბეჭდავად, რომელმაც “სკამიდან” 30 ქულის დაგროვება მოახერხა. ნაგეთსის სუპერვარსკვლავ ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე კი 20 ქულაა.

8 გამარჯვებით და 9 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე, ანუ პლეი ოფის ზონის მიღმაა. დენვერს 10 მოგება და 7 წაგება აქვს - იოკიჩის გუნდი კონფერენციაში მეოთხეა. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.
კომენტარები