Thumbnail

2 წელი კობის გარეშე - რატომ ნიშნავდა ის ამდენს ადამიანებისთვის

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

‘ბრაიანტი მოკვდა’ - ასეთი მესიჯი მოვიდა ჩვენი სამსახურის ‘ჩატში’. თავიდან, თითქოს დიდი ყურადღება არც მიმიქცევია. ბრაიანტი სპორტულ სამყაროში გავრცელებული გვარია და საერთოდაც, ვინ ეძახის კობის ‘ბრაიანტს’?!

შესაძლოა, ეს ტვინის თავდაცვითი რეაქციაც იყო - არაფრით შემეძლო მიმეღო ის ფაქტი, რომ ის კაცი, რომელსაც 20 წელი ვუყურებდი და რომელიც ჩემს ფიქრებში თითქოს ყოველდღიურად ჩემს გვერდით იყო, შეიძლება ასე წასულიყო. შემდეგ გუგლმა ყველაფერი დაადასტურა და თავის მოტყუების ფუფუნებაც აღარ დაგვრჩა.

იმ დღეებში ადამიანებში შიში დავინახე. ყველა, ვინც სპორტი თუნდაც შორიდან იცის, დამიდასტურებს, რომ კობი ბრაიანტი ყოველთვის ზეადამიანური, მონუმენტური ძალის სიმბოლო იყო. კობი სუსტი და გატეხილი არავის უნახავს - მაშინაც კი, როცა აქილევსის მყესის გარეშე, ცალ ფეხზე ჯარიმებს ისროდა და არც მაშინ, როცა მეორე დილას, ოპერაციის წინ, გვარწმუნებდა, რომ დრომ ის ჯერ კიდევ ვერ დაამარცხა. თუკი ადამიანურ ძალას, ადამიანის განსაკუთრებულობას ოდესმე სადმე მონუმენტს დაუდგამენ, მჯერა, რომ ეს კობი ბრაიანტი უნდა იყოს. და უცებ გესმის, რომ მას ასეთი რამ მოუვიდა?! შეუძლებელია, არ შეგეშინდეს. თუკი კობის ეს დაემართა, მაშინ რა შეიძლება მომივიდეს მე?! მგონი, ეს შიში ბევრს ჰქონდა.

‘ადამიანი დამარცხებისთვის არ არის გაჩენილი. ის შეიძლება მოსპო, მაგრამ მას ვერასოდეს დაამარცხებ’ - ჰემინგუეის აქვს ნათქვამი და ამაზე მეტს და ამაზე უკეთესსაც ვერაფერს დავამატებ. 26 იანვრის კატასტროფასაც ეს ფრაზა ყველაზე მეტად უხდება.

კობი: ‘ყველაფერი ნეგატიური - ზეწოლა, გამოწვევები - ჩემთვის მხოლოდ შესაძლებლობაა, რომ წინ წავიდე.’

მისი წასვლა მთელი მსოფლიოსთვის შოკი იყო. სულ მცირე ამ საუკუნეში არ მახსოვს არცერთი ათლეტი, რომელსაც ადამიანებზე ასეთი გავლენა ჰქონდა, ასეთი ახლობელი იყო. მარტივი მაგალითი: დედამიწის ყველა კუთხეში ადამიანი, რომელიც ქაღალდის ბურთულას ნაგავში შორიდან ჩააგდებს, ერთ სიტყვას ამბობს - კობი! ასე იყო 20 წლის წინ, როცა სკოლაში დავდიოდი და ასეა ახლაც, როცა იმავე სკოლაში უკვე მუშაობა მიწევს.

და ეს არა იმიტომ, რომ მისნაირად კალათბურთს ვერავინ თამაშობდა, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თავისი სიტყვებით და მაგალითით, თავისი მსოფმხედველობით და ფილოსოფიით, ძალას აძლევდა იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც კალათბურთის დიდი მოყვარულები საერთოდ არ არიან.

ერთ-ერთ ინტერვიუში სტივენ ეი სმიტთან, უკვე კარიერის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ მისი საყვარელი საქმე ისტორიების, ამბების, მოყოლაა და კალათბურთიც მხოლოდ საშუალება იყო, თავისი ამბები რომ მოეთხრო.

ეს ყველაფერი სპორტის ფარგლებს ძალიან სცდება. რამდენი კაცი იცით, ვაშინგტონში სტუმრობის დროს, ობამასთან რომ სადილობს?!

რამდენი ათლეტი იცით, რომლის აზრები პოლიტიკაზე, ცხოვრებაზე, ფილოსოფიაზე, სამუშაო ეთიკაზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, რასაც ლაპარაკობს, ასეთი ღრმა და საინტერესო რომ იყოს?! უბრალოდ, ერთ ინტერვიუს უსმინეთ და მაშინვე მიხვდებით, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სიღრმის, ინტელექტის და პერსპექტივის კაცს უსმენთ. ‘ის უბრალოდ ყველასგან განსხვავებული იყო’ - ასე იხსენებს კრის პოლი.

კრიშტიანო რონალდო და ლეო მესი ამ საუკუნის მთავარი ვარსკვლავები არიან. მათი თამაშის ნახვა მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ გულწრფელად მითხარით, მათგან რაიმე ისეთი, ცხოვრებისეულად, ადამიანურად მნიშვნელოვანი და საინტერესო რა გსმენიათ?! კობის მასშტაბის და მნიშვნელობის პასუხიც აქ არის.

კობი: ‘მთავარია, რა გავლენა გაქვს, რა მაგალითს აძლევს ადამიანებს შენს გარშემო.’

როი ჰიბერტი იხსენებდა 2016 წლის ამერიკის არჩევნების წინ, როგორ დეტალურად აუხსნა მას, რომ დონალდ ტრამპი ამ არჩევნებს მოიგებდა. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია. 'ის საგნებს სხვანაირად ხედავს, სხვანაირად აანალიზებს' - ასე განმარტა კობის ფენომენი იმავე ჰიბერტმა.

სტივენ ეისთან ისიც თქვა, რომ თუკი თამაშს ყველაფერი მიეცი და ისე წახვედი, მაშინ მართალი კაცი ხარ. მან პარკეტზეც და მის მიღმაც იმდენი მოგვცა, რომ ალბათ მთელი ცხოვრება გაგყვება. ემოციები, მოგონებები და მაგალითები უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ადამიანები.

კობი: ‘ჩემი მთავარი მისიაა, რომ ადამიანებს იმის ძალა მივცე, რაიმე ეპიკური გააკეთონ.’

კომენტარები

ბოლო ამბები