Thumbnail

8points9seconds იმ პრობლემას გამოეხმაურა, რომელზეც ინდიანა პეისერსის ქომაგები სულ უფრო ხშირად საუბრობენ. საუბარია, იმ უცნაურ როტაციაზე, რომელსაც ინდიანაპოლისური გუნდის მთავარი მწვრთნელი ნეიტ ბიორკგრენი მიმართავს. მის თანახმად, პეისერსის სასტარტო ხუთეულის წევრები მოედანზე ძალიან დიდ დროს ატარებენ, სათადარიგოებს კი, მათ შორის, ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს შანსი, ფაქტობრივად არ ეძლევა. რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ამან ინდიანას? აღნიშნული ვებ-გვერდი სწორედ ამაზე წერს:

“ნეიტ ბიორკგრენმა ინდიანაში გატარებულ პირველ თვეს დიდი სამუშაო გასწია, თუმცა, უკვე ფაქტია, რომ მას სათადარიგოთა სკამისთვის მეტი ყურადღების მიქცევა მართებს. თუკი ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარებას ხელი არ შეეწყო და ყველაფერს ლიდერების ტრავმებიც დაემატა, დიდი შანსია, პეისერსს იგივე დაემართოს, რაც გასულ სეზონში.

გოგას ბითაძეს ამ სეზონში გარღვევა უნდა მოეხდინა, თუმცა, ის მოედანზე თითქმის არ გადის. შედეგად, იზრდება შანსი ის იმ კალათბურთელთა რიცხვს შეუერთდეს, რომლებიც დრაფტის პირველი რაუნდის იმედგაცრუებებს მიეკუთვნებიან. ახლა ასეთი სიტუაცია გვაქვს: გოგა ჯანმრთელია, მაგრამ მოედანზე არავინ უშვებს. ედმონდ სამნერი და კასიუს სტენლი ასევე ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, რომელთაც ასევე სკამზე ჯდომა უწევთ.

სეზონის სტარტიდან მხოლოდ 1 თვემდეა გასული, თუმცა, უკვე ცხადია, რომ ინდიანას ვარსკვლავებს დასვენება სჭირდებათ. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: იმ კალათბურთელთა ხუთეულში, რომლებიც მოედანზე საშუალოდ ყველაზე მეტ დროს ატარებენ, პეისერსის ერთბაშად 2 მოთამაშეა. დომანტას საბონისი, რომელსაც გასულ სეზონში ქუსლის მძიმე ტრავმა ჰქონდა, ამ მხრივ საერთოდაც პირველ ადგილზეა წარმოუდგენელი 38.4 წუთით. მაღალი კალათბურთელისთვის, რომელსაც აღნიშნული სახის ტრავმა აქვს გადატანილი, ამდენი წუთი ნამდვილად საფრთხის შემცველია. თუკი ის ამ ტემპში თამაშს განაგრძობს, დიდი შანსია, სეზონის დასრულება არც დასცალდეს.

დაახლოებით იგივეს თქმა შეგვიძლია მალკოლმ ბროგდონზეც, რომელსაც ნახსენებ ხუთეულში მე-3 ადგილი უკავია საშუალოდ 36.8 წუთით და მცველებს შორის მხოლოდ ჯეიმს ჰარდენს ჩამორჩება. ტი ჯეი მაკკონელი სათადარიგოთა სკამიდან ძალიან დამაჯერებლად გამოდის, ამდენად, ის, რომ მას საშუალოდ მხოლოდ 19.9 წუთი ეთმობა, ასევე არასამართლიანად მოსჩანს.

გასულ კვირას ინდიანამ ტორონტოსთან წააგო და ალბათ შეიძლება იმის თქმა, რომ წამყვანი კალათბურთელების დაღლილობამ თავი გარკვეულწილად უკვე იჩინა. ბროგდონმა და საბონისმა თამაშიდან 32-დან მხოლოდ 6 ტყორცნა გამოიყენეს (13-დან 1 სამქულიანი) და ჯამში 22 ქულას დასჯერდნენ. თუკი ეს მაჩვენებლები ტენდენციაში გადაიზარდა, ეჭვგარეშეა, რომ პეისერსს სერიოზული პრობლემები ელის.

ცხადია, ინდიანას გარკვეულ პრობლემებს ტი ჯეი უორენისა და კარუს ლევერტის ტრავმებიც უქმნის. როდესაც ისინი დაბრუნდებიან, ბიორკგრენს მეტი ვარირების საშუალება ექნება. მითუმეტეს, რომ გაჭირვების ჟამს, უორენს მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია და იქნებ, მაილს ტერნერსა და დომანტას საბონისს მცირე ხნით დასვენების საშუალება მან მაინც მისცეს.

მიმდინარე კვირას ინდიანას ერთბაშად 4 მატჩი ელის. პეისერსი თითო დღის გამოტოვებით ითამაშებს, მათ შორის 2-ჯერ შარლოტ ჰორნეთსთან და ეს, აღნიშნული პრობლემებით დატვირთული გუნდისთვის ნამდვილი გამოწვევაა”.

ცნობისთვის, ინდიანას მომდევნო მატჩი სულ რამდენიმე საათში (თბილისის დროით 04:00 საათზე) ისევ ტორონტოსთან ელის და იმედს გამოვთქვამთ, რომ 21 წლის ქართველ ცენტრს თავის გამოჩენის საშუალება ამჯერად მაინც მიეცემა. მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ, 18 იანვარს ითამაშა, როდესაც ლოს ანჯელეს კლიპერსთან მატჩში 16 წუთში 5 ქულა მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები