Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია იმ კალათბურთელთა შორის მოხვდა, რომლებიც გულშემატკივრებმა VTB ლიგის “ყველა ვარსკვლავთა მატჩისთვის” შეარჩიეს.

რეგლამენტის თანახმად, გულშემატკივრებს რუსული კლუბებიდან 3-3 მოთამაშე უნდა შეერჩიათ “რუსეთის ვარსკვლავებისა” და “მსოფლიოს ვარსკვლავებისთვის”. 4 არარუსული კლუბიდან 3 კალათბურთელი ირჩეოდა მხოლოდ მსოფლიოს ნაკრებისთვის.

ფანების გამოკითხვა დღეს დასრულდა და გაირკვა, რომ ცსკა-ს რიგებიდან საუკეთესო სამეულში ამერიკელი მაიკ ჯეიმსი (67.5%), ქართველი თორნიკე შენგელია (10.6%) და სერბი ნიკოლა მილუტინოვი (8.6%) მოხვდნენ. მოსკოვური გრანდის მხრიდან ადგილობრივთა გუნდისთვის ნიკიტა კურბანოვი (63.6%), ჯოელ ბოლომბოი (13.0%) და ივან უხოვი (7.8%) შეირჩნენ.

საერთო ჯამში, ქომაგებმა 66 კალათბურთელი გამოავლინეს, ახლა კი ჯერი მასმედიის წარმომადგენლებზეა. მათი ხმების დამატების შემდეგ, 1 თებერვალს “ოლ სტარის” მონაწილე გუნდების საბოლოო შემადგენლობები გამოცხადდება. უშუალოდ შეხვედრა 14 თებერვალს მოსკოვში VTB არენაზეა დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას აღნიშნულ თამაშში მონაწილეობის შანსი პირველად აქვს. ის ესპანური ბასკონიაში გატარებული 6 სეზონის შემდეგ, მოსკოვის ცსკა-ს რიგებში სადებიუტო სეზონს ატარებს, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 12.2 ქულა (ლიგაში 34-ე მაჩვენებელი), 4.8 მოხსნა, 2.1 პასი, ეფექტურობის კოეფიციენტი 13.0.

კომენტარები

ბოლო ამბები