Thumbnail
  • ქართველი ცენტრი სან ფრანცისკოელთა მიერ აგორებულ კამპანიაში ჩაერთო
  • ზაზა ფაჩულიას აარონ როჯერსთან ძველი მეგობრობა აკავშირებს

NBA-ს 2-გზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია ამერიკული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარიც ყოფილა და განაცხადა, რომ მომავალ სეზონში სან ფრანცისკო ფორტი ნაინერსის ყველა მატჩს დაესწრება, თუკი გუნდი ლიგის ერთ-ერთ ვარსკვლავ აარონ როჯერსს დაიმატებს.

“თუკი ის ყურეში ჩამოვა, გუნდის ყველა თამაშზე ვიქნები”, - დაწერა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სოციალურ ქსელში, რამაც სან ფრანცისკოელი ფანების დიდი მოწონება დაიმსახურა. ცნობილია, რომ ზაზას როჯერსთან კარგი ნაცნობობა აკავშირებს, ეს უკანასკნელი ფაჩულიას მაისურითაც კი არაერთხელ გამოჩენილა, მათ შორის, NBA-ს მატჩებზე.

აარონ როჯერსი ზაზა ფაჩულიას მაისურით

“ცხადია, ფაჩულიას აზრი ფორტი ნაინერის სატრანსფერო პოლიტიკისთვის გადამწყვეტი არ არის, თუმცა, ცხადია, უორიორსის ფანების ყოფილი ფავორიტის Levi's Stadium-ზე მისვლა ყურადღებას ნამდვილად მიიქცევს, რადგანაც ზაზას ყველგან დადებითი ენერგია მიაქვს. უდავოა, რომ როჯერსის დამატების შემთხვევაში, ფაჩულია ნამდვილად არ იქნება ერთადერთი, ვინც გუნდის შედეგებს მეტი ყურადღებით დააკვირდება”, - წერს Sports.yahoo.

ცნობისთვის, ფორტი ნაინერსის გულშემატკივართა უმეტესობა დღემდე უკმაყოფილოა, რომ გუნდმა 2005 წლის დრაფტის პირველ ნომრად სწორედ როჯერსი არ აირჩია. ამერიკელი ქვორთერბექი ახლა უკვე 37 წლისაა, თუმცა, NFL-ის მიმდინარე სეზონშიც კი უძვირფასესი მოთამაშის ტიტულის მოგების უმთავრესი კანდიდატია. ის გრინ ბეი პეკერსის ღირსებას იცავს, თუმცა, მცირე ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერაც არ გადაუწყვეტია მომავალ სეზონს სად გაატარებს, ამან კი, დიდი აურზაური გამოიწვია.

ცნობისთვის, როჯერსს მომავალი 3 წლის განმავლობაში გარანტირებული კონტრაქტი აქვს, 2021 წელს კი ხელფასის სახით 37.5 მილიონი დოლარი ეკუთვნის, რაც ლიგის ისტორიაში მე-3 მაჩვენებელია. ბოლო პერიოდია, NFL-ის ვარსკვლავის სან ფრანცისკოში გადასაბირებლად სერიოზული კამპანიაა გაჩაღებული და იქნებ აღნიშნულში მცირე წვლილი ზაზა ფაჩულიას პოსტმაც შეიტანოს.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ზაზა ფაჩულიამ NBA-ს 16-წლიანი კარიერის ორი სეზონი გოლდენ სტეიტ უორიორსში გაატარა და გუნდი ორჯერვე ასოციაციის ჩემპიონი გახდა. ზაზა ამჟამად გოლდენ სტეიტში ბიზნეს და საკალათბურთო საქმეების კონსულტანტად მუშაობს.

კომენტარები

ბოლო ამბები