Thumbnail

დიდი გამოცდილება ლიგაზე, გოლები NB I-ში - ქართული ტრიოს პროგრესი უნგრეთში 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

Transfermarkt-მა უნგრეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ფასები განაახლა. ცვლილებები იქ მოთამაშე ქართველ ლეგიონერებსაც შეეხო. 

NB I-ის საუკეთესო გუნდ ფერენცვაროშში საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი ლაშა დვალი თამაშობს. მას შემოდგომით ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოცდილება შეემატა - ჯგუფში ლიონელ მესის ბარსელონასა და კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსის წინააღმდეგ უწევდა თამაში. ამ სეზონში დვალმა ჩემპიონატში 12 მატჩში (10 სასტარტოში) მიიღო მონაწილეობა.  

ლაშა დვალი ბარსელონელი ტრინკაოს წინააღმდეგ

Transfermarkt-მა დვალის ფასი 100 000 ევროთი გაზარდა და ახლა ის 900 000-ს შეადგენს. მისი საუკეთესო ფასი ამ პორტალზე €1.1 მილიონია (2019 წლის აგვისტო). 

ფეჰერვარის რიგებში ბრწყინვალედ თამაშობს 26 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც ამ სეზონში 15 მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. ბუდუ დღეიდან 150 ათასით მეტი ღირს - €750 000. 

ბუდუ ზივზივაძე ფეჰერვარის შეტევების ლიდერია

შეგახსენებთ, რომ "პოპსპორტმა" ამას წინათ 2020 წლის ქართველ ბომბარდირთა სია შემოგთავაზათ. TOP 10-ში ბუდუ ზივზივაძე (10 გოლი) მე-4 პოზიციაზეა, ნოდარ ქავთარაძე (8) - მეექვსეზე, ხოლო გიორგი ბერიძე (8) მე-7 ადგილზე. 

📺 ბუდუ ზივზივაძის გოლი და 2 საგოლე პასი უიპეშტთან

გიორგი ბერიძე უიპეშტში კარგად ათამაშდა

უიპეშტში თამაშობს გიორგი ბერიძე (10 თამაში - 3 გოლი, 1 ასისტი), მისი დღევანდელი ფასია €450 000 (50 ათასით მეტი). ლუკა ლაკვეხელიანი (9 მატჩი - 1 ასისტი) - €300 000 (-100 ათასი), ნოდარ ქავთარაძე (1 თამაში) - €275 000. აღსანიშნავია, რომ ლაკვეხელიანი ახლა ტრავმირებულია, ხოლო ქავთარაძეს დებიუტი ჰქონდა უნგრეთის ჩემპიონატში. 

კომენტარები

ბოლო ამბები