Thumbnail
  • 31 წლის ქართველი ცენტრის მორიგი აღიარება ესპანეთში
  • გიორგი შერმადინმა მანრესასთან მატჩში 29 ქულა მოაგროვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იბეროსტარ ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, რაც მისი თამაშიდან გამომდინარე, გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ კვირას ჩატარებულ მატჩში იბეროსტარ ტენერიფემ ბაქსი მანრესას 85:70 სძლია, მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გახდა. გიო ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:57 წუთში 29 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ქართველმა კალათბურთელმა 14-დან 10 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. საინტერესოა, რომ გიორგიმ პირველ ტაიმში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო, შესვენების შემდეგ კი შეუჩერებელი იყო: მე-3 ათწუთეულში 15 ქულა მიითვალა, მეოთხეში კი – 10. შერმადინის მოედანზე ყოფნის პერიოდში იბეროსტარმა მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 37-ს გაუტოლდა.

საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ გასულ ტურში შერმადინზე შედეგიანი თამაში არავის ჰქონია. მასთან ყველაზე ახლოს ფუენლაბრადას ერთ-ერთი ლიდერი ლეო მაინდლი მივიდა, რომელმაც ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას 28 ქულა ჩაუგდო. სხვათა შორის, ბრაზილიელი ფორვარდი სიმბოლურ ხუთეულში მაინც აღმოჩნდა, რადგანაც ერთ კონკრეტულ პერიოდში მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა. ამ შემთხვევაში, შერმადინს მე-2 მაჩვენებელი ჰქონდა: სარგებლიანობის კოეფიციენტი 18 მანრესასთან მე-3 მეოთხედში.

ქართველი ცენტრი გასულ ტურში შეუჩერებელი იყო

ხუთეულში ასევე შევიდნენ იბეროსტარ ტენერიფეში ქართველი ცენტრის ბრაზილიელი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი (10 პასი), მადრიდის რეალის კაბო ვერდელი ცენტრი ვალტერ ტავარესი (13 მოხსნა) და მორაბანკ ანდორას სენეგალელი ცენტრი მალიკ დიმე (4 დაფარება).

შეგახსენებთ, რომ იბეროსტარ ტენერიფეს ლიგა ენდესას 20 მატჩში 16 მოგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალსა (17 გამარჯვება, 1 მარცხი) და ბარსელონას (16-3) ჩამორჩება. ტენერიფელები მომდევნო მატჩს 30 იანვარს ჩაატარებენ, როდესაც შერმადინის ყოფილ კლუბ მორაბანკ ანდორას ესტუმრებიან.

📺 შერმადინი მანრესასთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები