Thumbnail

პორიეს მწვრთნელის სიურპრიზი - რატომ აღარ ჰქონდა მაკგრეგორს ფეხი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

დასტინ პორიემ, ბევრისთვის მოულოდნელად, კონორ მაკგრეგორი საკმაოდ იოლად დაამარცხა. ეს მაკგრეგორის კარიერაში პირველი წაგება იყო ნოკაუტით. თუმცა, მანამდე, სანამ მაკგრეგორი პორიეს დარტყმებს სახეში მიიღებდა, მან 'ფეხი დაკარგა'.

პორიეს 'ლოუ-ქიქებმა' მაკგრეგორის ფეხის პარალიზება გამოიწვია, რის შემდეგაც კონორს მოძრაობა შეეზღუდა და პორიეს დარტყმების იოლი სამიზნე გახდა. ბრძოლის შემდეგ მაკგრეგორმა არენა ყავარჯნებით დატოვა და ერთ ფეხს თითქმის ვერ ხმარობდა.


ექიმმა ბრაიან სატერერმა თავის ვიდეოში დეტალურად ახსნა, თუ რა ტიპის დაზიანება მიიღო ირლანდიელმა მებრძოლმა. მისი თქმით, პორიემ მაკგრეგორს წვივის კუნთი და ნერვი დაუზიანა, რის შემდეგაც მას მოძრაობა აღარ შეეძლო.

სატერერი: "მას სერიოზული დისკომფორტი ჰქონდა, როცა წონა მარჯვენა ფეხზე გადაჰქონდა. პორიეს დარტყმები მას წვივის წინა ნაწილში ხვდებოდა გარეთა მხრიდან. უკვე ბრძოლის დროს ვხედავდით, რომ ის ამ ფეხს ვეღარ ეყრდნობოდა. ბრძოლის ბოლოს კი მისი ფეხი პრაქტიკულად მკვდარი იყო. პორიეს დარტყმები სპეციალურად დამიზნებული იყო წვივთან მდებარე ნერვზე, რომელიც კუნთების მოძრაობას აკონტროლებს. ბევრი ნერვი ადამიანის ორგანიზმში ღრმადაა განლაგებული კანის ან კუნთების ქვეშ და კარგადაა დაცული, ეს ნერვი კი ზედაპირზეა და მისი დაზიანება იოლია."

ამ დარტყმის მომზადება პორიეს მწვრთნელის მაიკ ბრაუნის შემოქმედებაა. ჩვეულებრივ, ე.წ. 'ლოუ ქიქებს', უფრო მაღლა ბარძაყის არეალში უმიზნებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში 'თეიქდაუნის' რისკი უფრო მაღალია და თან, რადგან ბარძაყის კუნთები დიდია, ფეხი უფრო მეტად დაცულია. წვივში მიღებული უფრო მტკივნეულია და თან მისი დაცვაც უფრო რთულია.

რადგან მაკგრეგორი პორიეზე უფრო მობილურია და უკეთესი კრივი აქვს, ბრაუნმა აქცენტი ირლანდიელის მობილურობის შემცირებაზე გააკეთა და ამისთვის 'ლოუ ქიქებს' მიმართა. რაუნდნახევარში პორიემ 21 ლოუქიქი გაუშვა, საიდანაც 18 მოარტყა. პორიეს კარიერაში ეს მეორე საუკეთესო მაჩვენებლია, ამჯერად კი მას ამისთვის 10 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. მას შემდეგ, რაც კონორმა ფეხი დაკარგა, ბრძოლის დასრულება უკვე ტექნიკის ამბავი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები