Thumbnail
  • როგორი იქნება ბაიერნის დაცვის ხაზი მომდევნო სეზონში?
  • რეკორდმაისტერის სასურველი ფეხბურთელი დაიო უპამეკანოა
  • ჰანსი ფლიკი ლაიპციგის ფრანგ მცველს უკვე ესაუბრა

დავიდ ალაბას ბაიერნიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია - მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ავსტრიელი მცველი, რომელიც ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს - თვითონ რეალში სურს გადასვლა, მაგრამ სამეფო კლუბში არ ჩქარობენ.

თითქმის გადაწყვეტილი ჩანდა ბაიერნიდან ჟერომ ბოატენგის წასვლაც, მაგრამ ბოლო დროს ვითარება ოდნავ შეიცვალა და გამორიცხული არ არის, რომ რეკორდმაისტერმა მას ახალი კონტრაქტი გაუფორმოს. ‘კიკერის’ ინფორმაციით, ბაიერნის შეფები ბოატენგის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს ერთ თვეში მიიღებენ. 

ასე იქნება, თუ ისე, ფაქტი ერთია: ბაიერნს მომდევნო სეზონისთვის მინიმუმ ერთი ახალი, მაღალი კლასის ცენტრალური მცველი სჭირდება. ოფიციალურად დადასტურებული ამბავია, რომ ბაიერნმა ლაიპციგის ფრანგ მცველთან, დაიო უპამეკანოსთან მოლაპარაკებები დაიწყო. 22 წლის მცველს უკვე მიუნხენური გრანდის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკიც ესაუბრა. უპამეკანოს ლაიპციგთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ფრანგს ზახსენური კლუბის დატოვება 40-45 მილიონ ევროდ შეუძლია. ნიჭიერი მცველისთვის, რომელიც ბუნდესლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ეს დიდი თანხა არ არის. რამდენიმე დღის წინ, ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ საჯაროდ განაცხადა, რომ უპამეკანო რეკორდმაისტერისთვის ძალიან საინტერესოა.

დაიო უპამეკანო ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია

რაკი დიდი შანსია, რომ მომავალში ლუკა ერნანდესს დაცვის ცენტრში მოუწიოს თამაში, ბავარიელებს ისეთი ახალი მარცხენა მცველიც დასჭირდებათ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ალფონსო დევისს შეცვლის ხოლმე. ‘კიკერი’ წერს, რომ მიუნხენელები რედინგის მარცხენა მცველ ომარ რიჩარდსს და ჰერტას 17 წლის ფეხბურთელ ლუკა ნეტცს აკვირდებიან. კონტრაქტები ორივეს ზაფხულში ეწურება.

კომენტარები

ბოლო ამბები