Thumbnail

რუსმა მოთხილამურემ ფინელს ჯოხი მოუქნია, შემდეგ კი შეეჯახა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუსი სპორტსმენები მორიგ სკანდალში გაეხვნენ
  • ვერცხლისთვის იბრძოდნენ და საბოლოო, ბრინჯაოც ჩამოართვეს

სკანდალით დასრულდა ფინურ ლაჰტიში მიმდინარე სათხილამურო მსოფლიო თასის მე-6 ეტაპი. რბოლის ფინიშზე ნერვებმა უმტყუნა რუსეთის ნაკრების ლიდერ ალეკსანდრ ბოლშუნოვს, რომელმაც მეტოქეს ჯერ ჯოხი მოუქნია, შემდეგ კი, გამიზნულად შეეჯახა მთელს ფინეთის ნაკრებს.

რბოლის გამარჯვებული ნორვეგია გახდა, რომელმაც უახლოეს მდევრებს 40 წამზე მეტით აჯობა, ვერცხლის მედლებისთვის კი რუსი და ფინელი მოთხილამურეები იბრძოდნენ. საფინიშო ხაზზე გასულ ბოლშუნოვს იონი მიაკის მოძრაობა არ მოეწონა, მოეჩვენა, რომ მეტოქემ გზა გადაუჭრა და მისთვის სათხილამურო ჯოხის ჩარტყმა სცადა, თუმცა, ვერ მისწვდა. აი, ფინიშის ხაზის გადაკვეთის მერე კი, რუსმა სპორტსმენმა მოზეიმე ფინელების ხილვა ვერ აიტანა და მათ შეასკდა.

ცხადია, ეს ეპიზოდი შეჯიბრის ორგანიზატორთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ვიდეოგამეორების არაერთგზის ნახვის შემდეგ რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაცია გადაწყდა, ამდენად, ბოლშუნოვი და მისი თანაგუნდელები ბრინჯაოს მედლების გარეშე დარჩნენ. სხვა საქმეა, რომ რუსები კვარცხლბეკზე მაინც ავიდნენ, რადგანაც მე-4 შედეგი რუსეთის II ნაკრებს ჰქონდა და ავტომატურად, მე-3 პოზიციაზე სწორედ მათ გადაინაცვლეს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები ინციდენტის შემდეგ იმითაც იყვნენ გაოცებულნი, რომ ბოლშუნოვს მობიდიშების მცდელობაც კი არ ჰქონია. იმის ვერაფერი შევატყვეთ, რომ ის ჩადენილ ქმედებას ნანობდაო. კიდევ უფრო შორს წავიდა რუსი სპორტსმენის მამა – ასევე ალეკსანდრ ბოლშუნოვი, რომელმაც ვაჟი შეაქო კიდეც, კიდევ კარგად მოითმინა, მის ადგილზე ფინელს პირდაპირ სახეში დავარტყამდიო.

📺 რისთვის დასაჯეს რუსები

კომენტარები

ბოლო ამბები