Thumbnail

ვერა ფინალში დამარცხდა - ქუთაისი ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ჩემპიონია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქუთაისი 88:67 ვერა
  • გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 26:9 მოიგეს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის გამარჯვებული ქუთაისი გახდა, რომელმაც მშობლიურ კედლებში გამართულ ფინალში თბილისის ვერას 88:67 სძლია. მატჩში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 26:9 მოიგეს, დანარჩენ ათწუთეულებში კი თანაბარი ბრძოლა იყო.

ქუთაისელთა გამარჯვება კარგმა გუნდურმა თამაშმა განაპირობა. მათ რიგებში მინიმუმ 10 ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო. მათგან ორს ორმაგი დუბლი ჰქონდა: დე ჟუან რაიტმა 18 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა - 10 ქულა და 10 მოხსნა. ჟოელ ალმეიდამ 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, კარგად ითამაშეს კაჰემ რაშად რენსომმა (15 ქულა), გიორგი ბარბაქაძემა (11) და ილია ლონდარიძემაც (10).

ვერელთა მხრიდან ყველაზე შედეგიანი აარონ პარკსი იყო 16 ქულით, ჯოშუა ჰოულიმ 14 ქულა ჩააგდო, გუნდის კაპიტანმა ვახტანგ ქადარიამ 10 ქულა მიითვალა, საქართველოს ნაკრების წევრმა გივი ბაქრაძემ კი გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა 4 პასი შესძინა. საინტერესოა, რომ ვერელები ქუთაისს საგრძნობლად ჩამორჩნენ მოხსნებსა (32:43) და პასებში (13:21), მასპინძელთა გამარჯვებას კი ხელი იმანაც შეუწყო, რომ მათ 26-დან 25 საჯარიმო ჩააგდეს.

შეგახსენებთ, რომ საკანდელიძისა და ქორქიას სახელობის მემორიალზე თავდაპირველად ჯგუფური ეტაპის მატჩები შედგა, სადაც ლევან ფაცაციას მიერ გაწვრთნილმა ვერელებმა ტიტებსა და სუპერლიგის ლიდერ რუსთავს აჯობეს, ნახევარფინალში კი კაკტუსი გაანადგურეს. ამგვარად, საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელის სამწვრთნელო დებიუტი, შეიძლება, წარმატებულად მივიჩნიოთ.

📺 ქუთაისი V ვერა

კომენტარები

ბოლო ამბები