Thumbnail
  • ფუენლაბრადა 102:81 გრან კანარია
  • ქართველმა კალათბურთელმა 6 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ფუენლაბრადასთან გასვლითი მატჩი 81:102 წააგო, ქართველმა ფორვარდმა კი მოედანზე 15:38 წუთი დაჰყო. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ლიგა ენდესას გასულ სამ ტურში ბექას მოედანზე ერთი წუთიც კი არ გაეტარებინა.

გრან კანარიას მთავარი მწვრთნელი პორფირიო ფისაკი სეზონის უმეტესი ნაწილი ბურჯანაძეს კარგი თვალით ნამდვილად არ უყურებდა, თუმცა, ევროთასის უკანასკნელ მატჩებში გარკვეული დრო მისცა და ახლა, ის ესპანეთის ჩემპიონატშიც დააბრუნა. იმედია, ეს დროებითი მოვლენა არაა და ბექა ესპანურ ლიგაში თავის გამოჩენის საშუალება მომავალ შეხვედრებშიც მიეცემა.

ფუენლაბარადასთან დიდი ანგარიშით წაგებულ მატჩში ბურჯანაძემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა და 6 ქულას 3 მოხსნა და 1 პასი წაამატა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

გრან კანარიას 7 მოგება და 13 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 31 იანვარს, მადრიდში, ლიგა ენდესას ერთპიროვნულ ლიდერ რეალთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები