Thumbnail

ტოჩინოშინმა მარცხით დაასრულა - მას 62 კგ-ით მსუბუქმა მეტოქემ აჯობა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა იანვრის სუპერტურნირის ბოლო ბრძოლაც წააგო
  • 33 წლის ტოჩინოშინს წოდებაში სერიოზული ვარდნა ელის

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართული 2021 წლის პირველი სუპერტურნირი კატასტროფული ბალანსით დაასრულა, რაც იმის მომასწავებელია, რომ წოდებაში საგრძნობი ვარდნა ელის.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა და 4 დღის თავზე თანაბარი ბალანსი ჰქონდა, მას შემდეგ კი, მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა. შედეგად, 15 დღის თავზე, ქართველ სეკიტორს 4 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და მომდევნო ბანძუკეს (რეიტინგი) ხალისით ნამდვილად ვერ დაელოდება.

ის, რომ ლევან გორგაძე იანვრის სუპერტურნირს კარგ ფორმაში ვერ შეხვდა, დასკვნით ორთაბრძოლაშიც გამოჩნდა, როდესაც დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ტერუცუიოშისთან იორიკირით წააგო. 26 წლის იაპონელი ქართველზე 62 კგ-ით (!) მსუბუქი გახლავთ, თუმცა, ძალისმიერ ორთაბრძოლაში გამარჯვება მაინც მას დარჩა. ტერუცუიოში ტოჩინოშინს ძალიან იოლად მიაწვა და დოჰიოს მიღმა გაიყვანა.

ჰაცუ ბაშოს გამარჯვებული და შესაბამისად, “იმპერატორის თასის” მფლობელი სრულიად მოულოდნელად გახდა დასავლეთის პირველი მაეგაშირა დაიეიშო, რომელიც სეკივაკეს წოდებაზე მაღლა არასდროს ყოფილა. მან ტოკიოში 15-დან 13 შეხვედრაში იმარჯვა და 2 პრესტიჟული ჯილდო – სიუკუნსო (პრიზი ბრწყინვალე ასპარეზობისთვის) და გინოსო (პრიზი ტექნიკური სრულყოფილებისთვის) დაიმსახურა.

ცნობისთვის, იაპონიის სუმოს ასოციაცია განახლებულ რეიტინგს 1 მარტს გამოაქვეყნებს, მომდევნი სუპერტურნირი კი 14-28 მარტს ოსაკაში გახლავთ დაგეგმილი.

📺 ტოჩინოშინი V ტერუცუიოში

კომენტარები

ბოლო ამბები