Thumbnail

გოლი და ორი მაგარი საგოლე პასი - ბუდუ ზივზივაძის უნგრული ბენეფისი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • უიპეშტი 0:5 ფეჰერვარი
  • ბუდუ ზივზივაძემ გოლიც გაიტანა და საგოლე პასებიც არიგა

უნგრეთის OTP Bank Liga (პირველი დივიზიონი) ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდა. პირველივე შეხვედრაში "ქართული დერბი" შედგა, რომელშიც ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარმა გასვლაზე გიორგი ბერიძის უიპეშტი 5:0 გაანადგურა.

ზივზივაძე ძირითადში იყო და ბენეფისი ჰქონდა. 26 წლის ქართველმა ფორვარდმა გოლიც გაიტანა და ორჯერ საგოლე პასიც შეასრულა. ანგარიში სტუმრებმა მე-6 წუთზე გახსნეს და ზივზივაძის წვლილი ამ გოლშიცაა, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია და მერე დამატებაზე ნიგერიელმა ფუშნო ბამგბოიემ გაიტანა.

14 წუთში მან დუბლი შეასრულა, ამჯერად ზივზივაძემ საგოლე პასი გააკეთა. თანაც, შესანიშნავი მოედნის ხედვა გამოავლინა და თანაგუნდელი მეკარეს პირისპირ შეატოვა. ქართველმა მე-2 ტაიმიც აქტიურად დაიწყო და 55-ე წუთზე გოლი თვითონ გაიტანა, ხოლო 5 წუთში მორიგი ოსტატური პასი გააკეთა და ივან პეტრიაკმა კარგი თამაში გოლით დაუფასა...

📺 ბუდუ ზივზივაძის გოლი და 2 საგოლე პასი

ბუდუ 67-ე წუთზე შეცვალეს. მას მიმდინარე სეზონში 15 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს მითვლილი. რაც შეეხება უიპეშტს, გიორგი ბერიძე არ იყო ძირითად შემადგენლობაში, 62-ე წუთზე მისცეს თამაშის უფლება, როდესაც მისი გუნდი 0:4 ნადგურდებოდა. ფეჰერვარი 32 ქულით მე-2 ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო უიპეშტს 19 ქულა აქვს, მეცხრეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს.

უნგრეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ლაშა დვალის ფერენცვაროში სტუმრად პუშკაშ აკადემიასთან ფრეს (1:1) დასჯერდა და ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. ფერენცვაროში 39 ქულით გათამაშების ლიდერია. მეზოკოვეშდი სტუმრად კიშვარდას უგოლოდ დაშორდა და სტუმართა რიგებში ნოდარ ქავთარაძეს დებიუტი ჰქონდა, 50-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მაგრამ 85-ე წუთზე შეცვალეს (ტრავმის გამო), ლუკა ლაკვეხელიანს ტრავმის გამო არ უთამაშია, გაგი მარგველაშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.

კომენტარები

ბოლო ამბები