Thumbnail
  • საკალათბურთო კლუბი ვერა საკანდელიძე-ქორქიას სახელობის ტურნირის ფინალშია
  • პოპსპორტი კლუბის ახალ მწვრთნელ ლევან ფაცაციას გაესაუბრა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალურ ტურნირის პირველ ფინალისტი გაირკვა - ვერა კაკტუსს დაუპირისპირდა და 32 ქულით მოუგო. ლევან ფაცაციას გუნდმა 106:74 გაიმარჯვა - ვერას მხრიდან ქულების დაგროვება ყველა კალათბურთელმა შეძლო და ხუთი მათგანი 10-ქულიან ზღვარს გადაცდა. მატჩის დასრულების შემდეგ, პოპსპორტი ლევან ფაცაციას განვლილ მატჩებსა და ქუთაისში გასამართ ფინალზე ესაუბრა.

Popsport: უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ გამარჯვებას. ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე უკვე 3 მატჩი მოიგეთ. როგორ შეაფასებდით ჯგუფურ ეტაპს და კაკტუსთან ნახევარფინალურ თამაშს?

ლევან ფაცაცია: მადლობა მოლოცვისთვის. საკმაოდ სოლიდური ჯგუფი იყო. ახალი შემადგენლობით ვთამაშობთ. ეს ტურნირი გვეხმარება შეთამაშებაში და იმაშიც, რომ თანაგუნდელებმა ერთმანეთის კარგად გაიგონ. ფინალში მარტივად გავედით და იქ ძლიერი მეტოქე გველის. შესაბამისად, საინტერესო ბრძოლას ვიხილავთ.

Popsport: რუსთავთან მეოთხე პერიოდის წინ 25-ქულიანი უპირატესობა გქონდათ, რამ განაპირობა ეს ყველაფერი?

ლევან ფაცაცია: ასეთ უპირატესობას არ ველოდი. საკმაოდ კარგად დავგეგმეთ მატჩი, მოთამაშეებმა დავალებები კარგად შეასრულეს, გამარჯვებას ველოდით, მაგრამ ასე მარტივად - ნამდვილად არა.

ვერამ ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე სამივე მატჩი მოიგო

Popsport: ბრაისონ სკოტი საოცარ ფორმაშია, 3 თამაშში 80 ქულა ჩააგდო. რას გვეტყვით მასზე და ფინალის წინ როგორი განწყობაა გუნდში?

ლევან ფაცაცია: გუნდში მშვენიერი განწყობაა. მოთამაშეებმა მოგების სიამოვნება დაიბრუნეს. რწმენა გაჩნდა თანაგუნდელებში. რაც შეეხება სკოტს: ის ჩვენი ლოკომოტივი და ენერგიის ულევი წყაროა. ბიჭები კარგად ეხმარებიან მას და სივრცეებს უთავისუფლებენ, რის გამოც სკოტისთვის ქულების აღება მარტივი საქმეა. ქუთაისში კარგი განწყობით მივდივართ. ვიცით, რომ სერიოზული მეტოქე გველის და განწყობა ნამდვილად საბრძოლოა.

Popsport: მერვედფინალში საქართველოს თასზე ოლიმპი გხვდებათ. რა იქნება თქვენი მაქსიმუმი იმ ტურნირზე?

ლევან ფაცაცია: ჩვენი მიზანი ყველა თამაშში მოგებაა. ამჟამად შეთამაშება გვსურს. ოლიმპისკენ ჯერ არ ვიხედებით. ახლა მთავარი ფინალია, რის შემდეგაც თასის მატჩზე გადავერთვებით.


შეგახსენებთ, რომ საკანდელიძისა და ქორქიას სახელობის მემორიალზე თავდაპირველად ჯგუფური ეტაპის მატჩები შედგა, სადაც ვერელებმა ტიტებსა და სუპერლიგის ლიდერ რუსთავს აჯობეს და ნახევარფინალში მაქსიმალური შედეგით გავიდნენ. ფინალში ვერას მეტოქე ქუთაისი იქნება, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში თსუ-ს 89:86 სძლია. მემორიალის ფინალი 24 იანვარს, ქუთაისში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები