Thumbnail

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის პირველი ფინალისტი თბილისის ვერა გახდა, რომელმაც დედაქალაქურსავე კაკტუსს მოულოდნელად იოლად – 106:74 სძლია. ლევან ფაცაციას მიერ დარიგებულმა გუნდმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც მეტოქეს 23 ქულით მოუგო.

ვერელთა მხრიდან 11 და მეტი ქულა ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, რომელთაგან ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ლეგიონერი ბრაისონ სკოტი იყო – 24 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი. 16-16 ქულა მიითვალეს აარონ პარკსმა და ნოდარ თენიეშვილმა, გიორგი ვახანიას მონაგარი 12 ქულა და 5 მოხსნა იყო, ლუკა მაზიაშვილმა კი 11 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. კაკტუსელთა რიგებში 14 ქულა ჰქონდა ლევან მასხულიას, 13 კი – სამაი ჰეინს-ჯონსს.

შეგახსენებთ, რომ საკანდელიძისა და ქორქიას სახელობის მემორიალზე თავდაპირველად ჯგუფური ეტაპის მატჩები შედგა, სადაც ვერელებმა ტიტებსა და სუპერლიგის ლიდერ რუსთავს აჯობეს და ნახევარფინალში მაქსიმალური შედეგით გავიდნენ. ფინალში ვერას მეტოქე ქუთაისი იქნება, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში თსუ-ს 89:86 სძლია. მემორიალის ფინალი 24 იანვარს, ქუთაისში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები