Thumbnail

დაუჯერებელი ამბავი - ლაციომ გაიფორმა ფეხბურთელი, რომელსაც არასდროს უთამაშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • თითქმის დაუჯერებელი ისტორია რომის ლაციოს 17 წლის ახალწვეულზე
  • კოტდივუარელი ლარსონ კულიბალი რომში სამუშაოს საძებნელად ჩავიდა
  • იტალიურ კლუბში იმედი აქვთ, რომ ქუჩაში ნამდილი ტალანტი აღმოაჩინეს

ამ ისტორიაში უცნაური არაფერი იქნებოდა და დიდი ალბათობით, ვერც ჩვენს ყურადღებას დაიმსახურებდა, საქმე რომელიმე ქვედა დივიზიონს რომ ეხებოდეს. მაგრამ ამბავი, რომელიც 17 წლის კოტდივუარელი ბიჭის რომის ლაციოში მოხვედრას ეხება, მართლაც საინტერესო და გამორჩეულია. 

ახლახან სერია A-ს კლუბმა კონტრაქტი ყველასათვის უცნობ, ლარსონ კულიბალის გაუფორმა და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებს. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ბიჭს ფეხბურთი საშეჯიბრო დონეზეც კი არასდროს უთამაშია.

კულიბალი ლაციოში პირადად კლუბის პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს გადაწყვეტილებით მოხვდა. ტალანტი კი რომაელთა ახალგაზრდული სექტორის მენეჯერმა მაურო ბიანკესიმ იტალიის დედაქალაქის ქუჩაში აღმოაჩინა, სადაც კოტდივუარელი სამუშაოს საძებნელად მარტო ჩავიდა. 

"ის თავის სიცოცხლეში ბურთს პირველად რამდენიმე თვის წინ შეეხო, მაგრამ ჩვენ მასში უდიდესი ტალანტი დავინახეთ. მან დიდი გაჭირვება გამოიარა, შემდეგ კი რომში სულ მარტო ჩამოვიდა. მას შემთხვევით შევხვდი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც სოციალური აგენტია, მთხოვა, მივსულიყავი და მენახა ეს ბიჭი. კულიბალიმ ჯერ ენა უნდა შეისწავლოს და გაშინაურდეს, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, ის გუნდში დაგვერეგისტრირებინა .ის ლაციოს იტალიური პასპორტით 28 დეკემბერს შეუერთდა", - ამბობს ბიანკესი. 

ლარსონ კულიბალი თავის გამოჩენას ლაციოს 18-წლამდელთა გუნდში შეეცდება, რომელსაც რომაელთა ყოფილი თავდამსხმელი ტომაზო როკი წვრთნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები