Thumbnail

ამბოხი რომაში - ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი განაცხადეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რომაში კრიზისია - ფეხბურთელები მწვრთნელს დაუპირისპირდნენ
  • კლუბის ხელმძღვანელობას მაქს ალეგრის მიწვევა სურს

რომაში ბევრი რამ წერსიგში არ არის. ჯალოროსის უმძიმესი კვირა ჰქონდა, რასაც გუნდში ამბოხი და განხეთქილება დაემატა. 'კორიერე დელო სპორტის' ინფორმაციით, ხუთშაბათს დილით ტრიგორიას ბაზაზე ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი განაცხადეს.

რომას მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა და მისი ასისტენტები მოთამაშეებს მოედანზე ამაოდ ელოდნენ. ფეხბურთელების პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი გუნდის მენეჯერის, ჯანლუკა გომბარის გათავისუფლება გახდა. სწორედ მას დაბრალდა იტალიის თასზე სპეციასთან შეცდომით გაკეთებული მე-6 შეცვლა, რამაც გუნდი ტექნიკური მარცხის საფრთხის წინაშე დააყენა.

ცხადია, ამბოხის მიზეზი მხოლოდ გომბარი არ ყოფილა, როგორც ჩანს, მოთამაშეებსა და პორტუგალიელ ფონსეკას შორის იდეალური ურთიერთობა აღარ არის. როგორც ცნობილი გამოცემა წერს, მწვავე დაპირისპირება იყო ფონსეკასა და ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს შორის, მაგრამ ვინაობას არ აზუსტებს. საბოლოოდ, მოთამაშეებსა და გუნდის წარმომამდგენელბს შორის დიალოგი გაიმართა, რომელიც დაახლოებით 3 საათი გრძელდებოდა და ფეხბურთელებმა დღის მეორე ნახევარში ვარჯიში განაახლეს.

'კორიერე დელო სპორტის' მთავარი თემა რომაა

პარალელურად, 'კორიერე დელო სპორტი' წერს, რომ რომას ხელმძღვანელობას, კერძოდ დენ და რაიან ფრიედკინებს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის დანიშვნა სურთ. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი წელიწადნახევარია უმუშევარია და "მგლების" წინადადებას ალბათ სიამოვნებით დათანხმდება. მაქსი ხელფასის სახით სეზონში მინიმუმ 7 მილიონ ევროს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ალეგრის ურჩევნია, დაინტერესებული გუნდი არა სეზონის მიმდინარეობისას, არამედ მის დაწყებამდე,ზაფხულში ჩაიბაროს. თუმცა, შესაძლოა, ახლა გამონაკლისი დაუშვას, რადგან ფონსეკას მომავალი ბურუსითაა მოცული.

შეგახსენებთ, რომ რომამ ერთი კვირის წინ სერია A-ში რომაული დერბი ლაციოსთან 0:3 წააგო, რასაც იტალიის თასის 1/8-ფინალში შინ სპეციასთან დამატებით დროში 2:4 წაგება მოჰყვა. ეს თამაში რომასთის კომიკური გამოდგა: დამატებით დროში ერთწუთიან ინტერვალში ორმა ფეხბურთელმა (პაუ ლოპესმა და ჯანლუკა მანჩინიმ) მიიღო წითელი ბარათი, ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ "ჯალოროსის" რიგებში 6 შეცვლა განხორციელდა. რომაში ეგონათ, რომ დამატებით დროის გამო 5+1 შეცვლის წესი მოქმედებდა, მაგრამ ასე არ არის. ამდენად, რომას რომც არ წაეგო, ალბათ ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდა.

რომა სერია A-ში 34 ქულით მე-4 ადგილზეა და ევროპალიგის 1/16-ფინალშიცაა გასული. როგორც ამბობენ, პაულუ ფონსეკას ბედი სპეციასთან სერია A-ს მე-19 ტურის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

კომენტარები

ბოლო ამბები