Thumbnail

შოტლანდიელმა სპეციალისტმა კარლ ჰოგმა, რომელიც რუსეთის სარაგბო ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მცირე ხნის წინ მიიწვიეს, კომენტარი გააკეთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე. შეგახსენებთ, რომ 51 წლის ჰოგს შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, 2016 წლიდან კი ჯერ ინგლისურ ვუსტერს, ხოლო შემდეგ უელსურ ოსპრეისს ავარჯიშებდა და ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებშიც უმუშავია. “დათვების” რიგებში ის რუსების უელსელმა დამრიგებელმა ლინ ჯონსმა მიიწვია და ახლა, გუნდთან ერთად შეკრებაზე სოჭში იმყოფება. აი, რა თქვა ჰოგმა:

“წარმატებულ თამაში რამდენიმე ძირითად კომპონენტზე ემყარება. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს დაცვასა და ფეხით დარტყმებზე. თუკი კონცენტრაციას ამაზე გავაკეთებთ და თანმიმდევრულები ვიქნებით, მოგების შანსი გვექნება. დიახ, ქართველებს ძლიერი შერკინება ჰყავთ, თუმცა, შესაბამისი ტექნიკური და ტაქტიკური გაკვეთილების მიღების შემდეგ, მეტოქის უძლიერეს კოზირებთან გამკლავებასაც მოვახერხებთ. ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთის ნაკრებს შეუძლია მრისხანე იარაღად აქციოს შეტევითი მოლი. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მომავალი მატჩისთვის მოსამზადებლად მცირე დრო გვაქვს, ამდენად, ყველაფერი სწრაფად უნდა ავითვისოთ.

ის, რომ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მორაგბეა გამოძახებული, პრობლემად არ მიმაჩნია, პირიქით, მათი ძალიან მეიმედება. მათ დიდი ენერგია და ენთუზიაზმი გააჩნიათ და წესით, არაფრის უნდა ეშინოდეთ, რადგანაც საქართველოს ნაკრებთან წარსული დაპირისპირებები არ ახსოვთ. მთავარია, მათსა და უფრო გამოცდილ მორაგბეებს შორის სწორი ბალანსი იქნეს მოძებნილი. ვფიქრობ, რომ ქართველებმა გასულ “შემოდგომის ერთა თასზე” უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. შენზე ძლიერ მეტოქეებთან თამაშით სარგებელს ყოველთვის იღებ. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მომავალი მატჩი კარგი შესაძლებლობაა, რათა გამოცდილ საქართველოს ნაკრებს ნამდვილი გამოწვევა გავუგზავნოთ”.

კარლ ჰოგი თბილისურ მატჩს იმედიანად უყურებს

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო და მეტოქე უკვე თბილისშიც კი იმყოფებოდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ტური გადადო. ბოლოს ეს შეხვედრა პირველ ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაიდო და ახლა, 7 თებერვალს უნდა შედგეს. 2020 წლის ტურნირში “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, ამასთან, შარშან ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა ზუსტად 100 მატჩი გამართა, რომელთაგან 83 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 13 წააგო. კონკრეტულად რუს “დათვებთან” “ბორჯღალოსნებს” ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები