Thumbnail
  • ‘ენფილდზე’ ლივერპულის 68-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა
  • კლოპის გუნდმა გოლი ბარნლისაც ვერ გაუტანა
  • შესვენებაზე მწვრთნელებს ცხარე კამათი ჰქონდათ

პრემიერლიგაში ლივერპულის კრიზისი გრძელდება. იურგენ კლოპის გუნდი საკუთარ მოედანზე ბარნლისთან 0:1 დამარცხდა და უკვე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. უფრო მეტიც: ზედიზედ 4 თამაშია, ლივერპულს გოლი არ გაუტანია. მერსიაიდელთა გერმანელი მწვრთნელი ძალიან გაბრაზებული იყო.

ლივერპულისთვის ეს პირველი საშინაო მარცხი იყო პრემიერლიგაში 68 თამაშის შემდეგ. მერსისაიდელებს ‘ენფილდზე’ ბოლოს 2017 წლის აპრილში, კრისტალ პალასთან ჰქონდათ წაგებული (1:2). გამარჯვების გოლი ეშლი ბარნსმა 83-ე წუთზე, ალისონის გამო დანიშნული პენალტით გაიტანა.

სეზონში მესამე მარცხის შემდეგ ლივერპული ცხრილში მე-4 ადგილზეა და ლიდერ მანჩესტერ იუნაიტედს უკვე 6 ქულით ჩამორჩება. ბოლო 5 შეხვედრაში კლოპის გუნდმა მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შეძლო. ისე, როგორც წინა შეხვედრებში, ლივერპულს საგოლე მომენტები ახლაც ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერც ბარნლის გაუტანა.

შესვენებაზე, გასახდელისკენ მიმავალ გზაზე კლოპმა ცხარე კამათი გაუმართა ბარნლის მთავარ მწვრთნელ შონ დაიჩს. გერმანელი კოლეგას ზედმეტად ხმამაღლა უყვიროდა და ხელების ჟესტიკულაციებით რაღაცებს უხსნიდა. არ ჩანს, რა იყო მწვრთნელების კამათის მიზეზი, მაგრამ ჩანს, რომ კლოპი, რბილად რომ ვთქვათ, განრისხებული იყო. 

“ახლა, როცა ამ თამაშზე ვფიქრობ, თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს: ასეთი მატჩი როგორ უნდა წააგო?” - თქვა კლოპმა შეხვედრის დასრულების შემდეგ და დასძინა: “მაგრამ ჩვენ ეს თამაში წავაგეთ. ეს ჩვენი და ჩემი ბრალია. ეს მარცხი ისეა, როგორც მაგარი გარტყმა სახეში.”

კლოპმა რობერტო ფირმინოს და მოჰამედ სალაჰის დასვენება გადაწყვიტა. მათ ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და დივოკ ორიგი იყვნენ. 57 წუთის შემდეგ გერმანელმა ორივე სუპერვარსკვლავი ჩართო თამაშში, მაგრამ უშედეგოდ.

უკვე 400 წუთზე მეტია, ლივერპულს პრემიერლიგაში გოლი არ გაუტანია. მერსისაიდელთა ბოლო გამარჯვება ინგლისის ჩემპიონატში 19 დეკემბრით თარიღდება, როცა კლოპის გუნდმა მე-14 ტურში კრისტალ პალასი 7:0 გაანადგურა. სატურნირო ცხრილში კი ლივერპულს უკვე ტოტენჰემი, ევერტონი და ვესტ ჰემიც ძალიან მიუახლოვდნენ.

სწორედ ამიტომ, გერმანელს ტიტულზე ლაპარაკი აღარ სურს: “წარმოიდგინეთ, რა სულელი უნდა ვიყო, რომ ახლა, როცა ბარნლისთან შინ წავაგეთ და 4 თამაშია გოლი არ გაგვიტანია, დავჯდე აქ და ჩემპიონობის შანსებზე ვილაპარაკო. ჩვენ თამაშები უნდა მოვიგოთ და ამისათვის გოლების გატანაა საჭირო.”

პრემიერლიგაში ლივერპულს მომდევნო მატჩი 28 იანვარს უწევს - სტუმრად, ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემთან. მანამდე კი (კვირას) ასოციაციის თასის მატჩია მანჩესტერ იუნაიტედთან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები