Thumbnail

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ინდიანა პეისერსი შინ დალას მავერიკსთან 112:124 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ცენტრი მაილს ტერნერი ტრავმირებულია, მწვრთნელმა ნეით ბიორკგრენმა გოგა ბითაძე საერთოდ არ ათამაშა, რისთვისაც ექსპერტთა კრიტიკა დაიმსახურა.

ბევრი მიიჩნევდა, რომ მაილს ტერნერის არყოფნაში სათადარიგო ცენტრის ფუნქციას ბითაძე შეითავსებდა, რომელიც ლიტველ დომანტას საბონისს შეცვლიდა. "დომასი ხშირად გადიოდა პერიმეტრზე, რაც ჩვენი დაცვის ზურგს ასუსტებდა", - აღიარა თამაშის შემდეგ ბიორკგრენმა. სხვათა შორის, დალასმა ფარქვეშიდან 68 ქულა ჩააგდო, რაც ამ სეზონში გუნდის რეკორდია. აქედანაც ცხადია, რომ მწვრთნელის გათვლამ არ გაამართლა. მეტიც, შესაძლოა, სწორედ ამის გამო წააგო ინდიანამ თამაში. გოგა ბითაძე გუნდში მაილს ტერნერის მერე საუკეთესო მოთამაშეა, როცა ფარია დასაცავი, ის კი მოედანზე არ გასულა. 

გოგა კლიპერსის წინააღმდეგ

IndyStar წერს, რომ მაილსის გარეშე გუნდს პოზიციურად უნდა ეთამაშა დაცვაში, მაგრამ ეს გაცილებით მეტ კოორდინაციას, ენერგიასა და დისციპლინას მოითხოვს. უფრო იოლია ფარქვეშ დატოვო მაღალი, რომელიც დაფარებებში ძლიერია და დაე, მან ასწოროს დაცვის შეცდომები. ბიორკგრენს დალასთან არც პირველი გამოუვიდა და არც მეორე ვარიანტისთვის მიუმართავს. 

აი, რას წერს Forbes Sports-ის ანალიტიკოსი ტონი ისტი: "გაოგნებული ვარ, რომ ბითაძე საერთოდ არ ათამაშეს. ეს ვერაფრით მოდის თანხვედრაში ბიორკგრენის ადრეულ გამონათქვამებთან, როდესაც ის გუნდის განვითარებაზე ლაპარაკობდა. პეისერს უნდა გამოეყენებინა ბითაძის გაბარიტები".

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძემ ამ სეზონში მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა - კლიპერსთან მან 15 წუთში 5 ქულა მოუტანა ინდიანა პეისერსს.

კომენტარები

ბოლო ამბები