Thumbnail
  • 'ის უნდა ავირჩიოთ, ვინც სწორ ხედვას წარმოადგენს და არა – ცარიელი სიტყვები'
  • საქართველოს რაგბის კავშირის ექს-პრეზიდენტის კომენტარი არსებულ ვითარებაზე

რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტი და მსოფლიო რაგბში საქართველოს წარმომადგენელი გია ნიჟარაძე (2008-16 წლებში ის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახლდათ) ქართულ რაგბიში არსებული რთულ სიტუაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტუაციის განმუხტვისთვის ახალი არჩევნების დანიშვნაა საჭირო. აღნიშნულის თაობაზე მის კომენტარს Rugger.info ავრცელებს:

“ეს უბრალოდ ქაოსია, სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ. ამის თაობაზე ბევრი საუბარი შემიძლია, სათქმელი ნამდვილად მაქვს, თუმცა, საჭიროდ არ მიმაჩნია. არ მინდა სიტუაცია კიდევ უფრო გავამწვავო. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართულ რაგბიში მშვიდობამ დაისადგუროს. 24-საათიანი გრაფიკით უნდა ვიმუშაოთ, რათა უკან არ დავბრუნდეთ და ის ადგილი მაინც შევინარჩუნოთ, სადაც ახლა ვიმყოფებით.

სხვათა შორის ამ კუთხით “შემოდგომის ერთა თასმა” სულზე მოგვისწრო. არადა, სირთულეები ნამდვილად იყო: ბოლო მომენტამდე უცნობი იყო ტურნირზე ვინ წავიდოდა: ჩვენ თუ სხვა ქვეყნის ნაკრები, ამასთან, მხედველობაში სულაც არ მყავს იაპონია, რომელმაც უარი თავად თქვა. ბოლობოლო ჩვენ წავედით და ეს საუკეთესო გამოცდილება იყო. ბიჭები მატჩიდან მატჩამდე უმატებდნენ, მთავარი კი იმ ბირთვის ჩამოყალიბება იყო, რომელსაც უკვე ვხედავ 2023 წლის მსოფლიო თასზე.

თუმცა, არჩევნებს დავუბრუნდეთ. ყველა სამართლებრივი გზების გათვალისწინებით, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და იქ ღირსეულმა გაიმარჯვოს. ის უნდა ავირჩიოთ, ვინც სწორ ხედვას წარმოადგენს და ექნება კონკრეტული ფაქტებით გამყარებული პროგრამა და არა – ცარიელი სიტყვები. მერწმუნეთ, უდიდესი სამუშაო იქნება გასაწევი და კანდიდატების ნამდვილად არ მშურს. წინ მძიმე და რთულ წლები გველის, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ყველა პრობლემას გადავლახავთ! მათ კი, ვინც ჩვენს რაგბში არსებული რთული სიტუაციით გახარებულები არიან, ემოციების ნაადრევად გამოვლინებას არ ვურჩევ. ქართული რაგბი ქომაგებს კიდევ არაერთხელ გაახარებს”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინიტრომ ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაში არ გაატარა. საჯარო რეესტრის განმარტებით, ამის მიზეზი რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარებული ყრილობაა. ყრილობა 2020 წლის 24 თებერვლის საერთო კრებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ 30 დეკემბერს ჩატარდა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად რაგბის კავშირს 30 დღის ვადა მისცა. ასე რომ, საჭიროა რაგბის კავშირის ახალი საერთო კრების ჩატარება და შემდეგ არჩევნების გამართვა. 

როგორც ვიუწყებოდით, 30 დეკემბრის არჩევნებზე 82 დელეგატიდან 43 დაესწრო ყრილობას, რომელთაგანაც 31-მა მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირა. გოჩა სვანიძეს ხმა 10-მა მისცა, ხოლო ორი ხმა გაბათილდა. საჯარო რეესტრს განცხადებით პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ მიმართა, რომელმაც დეკემბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და პროცესს არც დასწრებია.

კომენტარები

ბოლო ამბები