Thumbnail

'მწვრთნელობაში უფრო ლამაზია' - ანდრეა პირლო პირველ ტიტულზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიის სუპერთასი იუვენტუსმა მოიგო, რომელმაც ნაპოლი კრიშტიანო რონალდოსა და ალვარო მორატას გოლებით 2:0 დაამარცხა. ამგვარად, ანდრეა პირლომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტულის მოპოვება მოახერხა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, მწვრთნელობაში სადებიუტო ჯილდო კიდევ უფრო ლამაზია, ვიდრე მოთამაშის როლში გამარჯვება.

"ეს დიდი სიხარულია. მწვრთნელის რანგში პირველი ტიტულის აღმართვა რაღაც განსხვავებულია, უფრო ლამაზი, ვიდრე ფეხბურთელის რანგში, რადგან მე დიდ გუნდს და ისტორიულ კლუბს ვხელმძღვანელობ. მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება - რამდენიმე დღის წინანდელი მარცხის შემდეგ. გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ არ ვართ ისეთი გუნდი, როგორიც "სან სიროზე" გამოჩნდა. მეგობარი გატუზოს დამარცხება? ვწუხვარ რინოს გამო, მაგრამ ამჯერად თასი მე მიმაქვს", - თქვა პირლომ Rai Sport-თან პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

პირლოს სამწვრთნელო კარიერაში პირველი ჯილდო იტალიის სუპერთასია

იუვენტუსი მიმდინარე სეზონში არადამაჯერებელი და არასტაბილურია, რის გამოც ანდრეას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მან თქვა, რომ კრიტიკას მიჩვეულია: "ინტერთან წაგების შემდეგ კრიტიკა უსამართლოდ მივიღეთ, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია, მიჩვეული ვარ. ხანგრძლივი კარიერა მქონდა, ზოგჯერ მაღალ დონეზე ვიყავი, ზოგჯერ - დაბალზე. ყოველდღე მუშაობაზე ვფირობ, ვიცი, რომ ჩემს უკან ძლიერი გუნდი და სოლიდური კომპანიაა. როდესაც მწვრთნელობას ნულიდან იწყებ, განსაკუთრებით იუვეში, კრიტიკა ნორმალურია, მაგრამ მე მშვიდად ვარ. ჩემზე და გუნდის შესახებ შედეგები ისაუბრებენ", - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეცხრედ მოიგო, რაც რეკორდია. მანამდე ტურინელებმა ამ ტიტულის მოგება 1995, 1997, 2002, 2003, 2012, 2013, 2015 და 2018 წლებში შეძლეს.

📺 იუვენტუსი V ნაპოლი

კომენტარები

ბოლო ამბები