Thumbnail

ბერიშვილი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს - ორმაგი დუბლი ნახევარფინალში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო
  • ყატარის ჩემპიონატის ფინალი 24 იანვარსაა დაგეგმილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონატის ოქროს მედლებისთვის იბრძოლებს. ალ შამალმა, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერი იცავს, ნახევარფინალში იოლი გამარჯვება (97:75) იზეიმა და მიზნამდე 1 ნაბიჯიღა აშორებს.

გასულ შეხვედრაში ალ შამალის მეტოქე ალ არაბი იყო და მიხეილის გუნდი აშკარა ფავორიტად სულაც არ მოიაზრებოდა, თუმცა, მეტოქეს პირველი ტაიმი 27 ქულით მოუგო და მე-2 ნახევარი სრულ ფორმალობად აქცია.

მიხეილ ბერიშვილი (17) ალ არაბისთან მატჩში

ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ალ შამალის მწვრთნელს გუნდს ლიდერები, მათ შორის ბერიშვილი დიდად არ დაუტვირთავს და მან მოედანზე მხოლოდ 25:17 წუთი გაატარა (როგორც წესი, შეუცვლელად თამაშობს ხოლმე), თუმცა, ჩვენებურს ორმაგი დუბლის შესასრულებლად ეს დროც ეყო. ბერიშვილმა 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 19 ქულას 10 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფორვარდს ბურთი არ დუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო, სარგებლიანობის კოეფიციენტის (24) მხრივ კი, მხოლოდ ვაელ არკაჯის (32) ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. სათქმელია ისიც, რომ ბერიშვილის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 26 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ცნობილია, რომ ფინალში ალ შამალის მეტოქე ალ გარაფა იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ალ სადს 89:77 სძლია, პლეი-ოფამდე კი მხოლოდ 1 მარცხით მივიდა, ამდენად, საჩემპიონო დაპირისპირების ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. ფინალური შეხვედრა კვირას, 24 იანვარს გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები