Thumbnail
  • იუვენტუსი 2:0 ნაპოლი
  • ანდრეა პირლომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო
  • გოლები რონალდომ და მორატამ გაიტანეს, ინსინიემ პენალტი ააცილა

რეჯო ემილიაში იტალიის სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონი იუვენტუსი და თასის მფლობელი ნაპოლი დაუპირისპირდნენ. ძველი მეგობრების, ანდრეა პირლოსა და ჯენარო გატუზოს გუნდების დაპირისპირებაში გამარჯვება პირველს დარჩა, რომლისთვისაც ეს პირველი ტიტულია სამწვრთნელო კარიერაში. 

ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს მწვრთნელების რანგში დაუპირისპირდნენ

პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, ანგარიში კი 64-ე წუთზე გაიხსნა. ბერნანდესკიმ კუთხურიდან ბურთი ახლო ძელთან ჩააწოდა, რის შემდეგაც ბაკაიოკოსგან რიკოშეტით ბურთი მეკარის საჯარიმოსკენ წავიდა, იქ კი ყველას რონალდომ დაასწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა - 1:0.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ეს კარიერაში გატანილი 750-ე გოლია.

კრიშტიანომ იტალიის სუპერთასზე მეორედ გაიტანა

გათანაბრების ძალიან კარგი შანსი მალევე ნეაპოლელთა თავდამსხმელს, ლორენცო ინსინიეს ჰქონდა. 78-ე წუთზე მაკკენიმ საკუთარ საჯარიმოში მერტენსზე იუხეშა და არბიტრმაც პენალტი დანიშნა. ნაპოლის კაპიტანმა და მთავარმა ბომბარდირმა 11 მეტრიდან ბურთი კარს სულ ააცილა.

საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მორატამ დააფიქსირა, რომელსაც საგოლე გადაცემა კონტრშეტევაზე გაქცეულმა კუადრადომ გაუკეთა. ესპანელმა პრაქტიკულად ცარიელ კარში შეაგდო - 2:0.

ნაპოლი ლორენცო ინსინიემ დააღალატა

იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეცხრედ მოიგო, რაც რეკორდია. მანამდე ტურინელებმა ამ ტიტულის მოგება 1995, 1997, 2002, 2003, 2012, 2013, 2015 და 2018 წლებში შეძლეს.

📺 იუვენტუსი V ნაპოლი

იუვენტუსი 2:0 ნაპოლი

გოლები: რონალდო (64’), მორატა (90’)
იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, კიელინი, დანილო - კიეზა (46’ ბერნანდესკი), არტური, ბენტანკური (84’ რაბიო), მაკკენი - კულუშევსკი (84’ მორატა), რონალდო. 
ნაპოლი (4-2-3-1): ოსპინა - დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, მარიუ რუი (84’ ლორენტე) - დემე (84’ პოლიტანო), ბაკაიოკო (67’ ელმასი) - ლოსანო, ზიელინსკი, ინსინიე - პეტანია (72’ მერტენსი).

კომენტარები

ბოლო ამბები