Thumbnail

საქართველოს ნაკრებისა და ანორთოსისის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე დაბრუნებას მუხლის ტრავმის გამო, ნოემბრის შემდეგ ვერ ახერხებს, ახლახან კი კვიპროსულ სპორტულ მედიაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა, არცთუ დამაიდებელი ინფორმაცია გავრცელდა.

ანორთოსისის ოფიციალურმა საიტმა სპეკულაციების თავიდან ასარიდებულად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ტრავმის სირთულისა და დაბრუნების სავარაუდო ვადების შესახებ განმარტება გააკეთა.  

შეგახსენებთ, რომ 28 წლის თორნიკე ოქრიაშვილს 12 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა მის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) და ევროპის ჩემპიონატის საგზურის გარეშე დარჩა. ოქრიაშვილმა იმ მატჩში 78 წუთი ითამაშა, კვიპროსში კი ტრავმირებული დაბრუნდა. მას მუხლის სახსარში შეშუპება დაუდგინეს.

ოქრიაშვილმა ტრავმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩში მიიღო

"ფეხბურთელმა ტრავმა საქართველოს ნაკრების მატჩში (12-11-2020) მიიღო, მაგრამ ვარჯიშს ნაკრების მომდევნო თამაშებისთვისაც აგრძელებდა და მიუხედავად იმისა, რომ აღარ უთამაშია, ტრავმა გაირთულა.

კვიპროსში დაბრუნებულმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გაიკეთა, რის შემდეგაც დადგინდა მარჯვენა მუხლის დაზიანების ხარისხი და პირველადი შეფასებით, მას უქმობა ოთხი კვირის განმავლობაში მოუწევდა. 

3 იანვარს, აპოლონთა თამაშის წინ, ფეხბურთელმა ჩვეულებრივ შეძლო საწვრთნელი პროცესის გავლა და თავდაპირველად განაცხადშიც შეიყვანეს, მაგრამ შემდეგ დისკომფორტი ისევ იგრძნო და მისი თამაში გამოირიცხა.

ფეხბურთელს კიდევ ერთი გამოკვლევა 19 იანვარს ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ტრავმა დიდწილად მოშუშებულია და ახლო მომავალში ვარჯიში შესაძლებელი იქნება. დღეს, 20 იანვარს, მან მოედანზე სირბილი დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში ტემპსაც მოუმატებს. სრული გამოჯანმრთელების ვადა კი ორი კვირით განისაზღვრება. 

მწვრთნელსა და ხელმძღვანელებთან საუბარში ფეხბურთელმა მოედანზე მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნების დიდი სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს", - ნათქვამია ანორთოსისის განცხადებაში. 

ოქრიაშვილი თემურ ქეცბაიას გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა 

თორნიკე ოქრიაშვილს 2020/21 წლების სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 8 მატჩში 4 გოლი და 1 ასისტი აქვს, მან ერთი მატჩი ითამაშა ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე (ბაზელთან გააძევეს).

კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ, თემურ ქეცბაიას გუნდს 39 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. 43 ქულით ლიდერი აპოლონია. მომდევნო ტურის მატჩს ანორთოსისი 24 იანვარს, სტუმრად აპოელ-თან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები