Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და რუბინის ნახევარმცველის კიდევ ერთი აღიარება რუსეთში
  • ხვიჩას ტრანსფერი რუსეთში ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ფასდება
  • 2019 წლის თებერვლიდან დღემდე, 19 წლის ფეხბურთელის საბაზრო ფასი გაასმაგდა   

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსული კლუბების მიერ ბოლო წლებში (2011/12 წლების სეზონიდან მოყოლებული), ზამთრის სატრანსფერო ფანჯრების პერიოდებში გაკეთებულ საუკეთესო შენაძენებს შორის დასახელდა. 19 წლის ქართველი ფეხბურთელის გადასვლა რუსთავიდან მოსკოვის ლოკომოტივში, რუსეთის ჩემპიონატში 2018/19 წლების სეზონის ზამთრის ტოპტრანსფერად Sportbox-მა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ბევრისთვის უცნობი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, 2019 წლის თებერვალში, საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთში, მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით გადავიდა, სადაც სეზონის მეორე ნახევარი საბა კვირკველიას გვერდით გაატარა. იმავე წლის ზაფხულში, საიჯარო ხელშეკრულების გასვლის შემდეგ კი, მიუხედავად გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის დიდი სურვილისა, მოსკოვურმა კლუბმა ხვიჩასთან ხელშეკრულების გაფორმება ვერ გარისკა, შედეგად კი კვარაცხელია ყაზანის რუბინში აღმოჩნდა, სადაც სწრაფად იქცა რუსეთის ჩემპიონატის უმთავრეს ტალანტად. 

ხვიჩას რუსეთთან ადაპტაციაში საბა კვერკველია ეხმარებოდა

"...იმ ზამთარს რუსულმა კლუბებმა საკმაოდ ხარისხიანი კამპანია ჩაატარეს. აზმუნი, ბარიოსი, რაკიცკი, ნორმანი - თითოეული მათგანი იმსახურებს აღნიშნულ სეგმენტში დასახელებას, მაგრამ არის კიდევ ერთი პრეტენდენტი. ახალგაზრდა და იმ დროისთვის სრულიად უცნობი ხვიჩა კვარაცხელია ლოკომოტივში იჯარის წესით, სულ რაღაც 100 ათას ევროდ გადავიდა, მაგრამ უკვე მომდევნო ზაფხულს იური სიომინსა და ხელმძღვანელობას შორის განხეთქილების ვაშლად იქცა. დღევანდელი რუბინის ლიდერის საბაზრო ღირებულება მას შემდეგ ასჯერ გაიზარდა და 10 მილიონ ევროს შეადგენს", - წერს გამოცემა.

იური სიომინი ხვიჩას დიდ მომავალს თავიდანვე უწინასწარმეტყველებდა

ხვიჩა კვარაცხელიას რუბინთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ხვიჩამ მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტიც მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები