Thumbnail

მარცხი ტაი ბრეიკში | ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრეთის ტურნირს გამოეთიშა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 4:6, 6:7 ანდრეას სეპი
  • ქართველი უნგრეთის ღია პირველობას დაემშვიდობა

ბუდაპეშტში უნგრეთის ღია პირველობაზე (საპრიზო ფონდი 500 ათასი ევრო) მეოთხედფინალში დაასრულა ასპარეზობა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველმა ჩოგბურთელმა მე-8 ნომრად განთესილ იტალიელ ანდრეას სეპისთან (55) წააგო - 4:6, 6:7 (3:7). 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მესამე ტურნირზე (მაროკო, ტუნისი, უნგრეთი) გააღწია მეოთხედფინალში და ზედიზედ მესამედ წააგო ამ ეტაპზე.

დაძაბული მატჩი საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში 1:1-ზე ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდება მოიგო, მაგრამ იქვე თავისი დაკარგა. 3:3-ზე იგივე გამეორდა - მეტოქეს მოწოდება აართვა და იქვე თავისი დათმო. ბოლოს მეათე გეიმში ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ დათმო მოწოდება და სეტიც წააგო.

მეორე სეტში 1:1-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა კვლავ აართვა მეტოქეს მოწოდება, მაგრამ როცა 3:2 დაწინაურდა, საკუთარი მოწოდება ერთხელაც წააგო. საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც იტალიელი გაცილებით უკეთ წარმოჩინდა - 7:3. 

კომენტარები

ბოლო ამბები