Thumbnail

რუსების მწვრთნელი: ქართველები მიხვდნენ, რომ მეტი მრავალფეროვნებაა საჭირო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'საქართველოში კარგად ესმით, რომ ელიტაში სათამაშოდ ახალი მოდელია საჭირო'
  • რუსეთის ნაკრების ზელანდიელმა მწვრთნელმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

ახალზელანდიელი ბორის სტანკოვიჩი, რომელიც რუსეთის სარაგბო ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სულ ცოტა ხნის წინ დასაქმდა, საქართველოსთან მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნების” მთავარი იარაღი ისევ ფორვარდებით თამაში იქნება.

“საქართველოს ნაკრები კარგი მომზადებით ყოველთვის გამოირჩეოდა, ყველაზე მეტად კი, ამის თქმა შერკინებაზე შეგვიძლია. ჰკითხეთ ნებისმიერს, ვისაც კი რაგბთან შეხება აქვს და გეტყვით, რომ ქართველები მთავარ აქცენტს ფორვარდებზე აკეთებენ. ამასთან მათ დიდი სურვილი აქვთ თამაში დახვეწონ, ბურთით უფრო მეტ ხანს იყვნენ და კომბინაციებიც ააწყონ. დიახ, სტანდარტული სიტუაციების მიმართ მათი სიყვარული არ განელებულა, თუმცა, ისიც კარგად ესმით, რომ პირველი დონის ქვეყნებთან ჭიდილისთვის სათამაშო მოდელში მეტი მრავალფეროვნებაა საჭირო”.

ცნობისთვის, 41 წლის სტანკოვიჩი თავის სამწვრთნელო შტაბში რუსეთის ნაკრების უელსელმა თავკაცმა ლინ ჯონსმა მიიწვია. ბორისი ახალ ზელანდიაშია დაბადებული, თუმცა, ინგლისის U19 და U21 ნაკრებებში უთამაშია, სამწვრთნელო საქმიანობით კი, ქოვენთრისა და ლესტერ თაიგერსში იყო დაკავებული.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო და მეტოქე უკვე თბილისშიც კი იმყოფებოდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ტური გადადო. ბოლოს ეს შეხვედრა პირველ ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაიდო. 2020 წლის ტურნირში “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, ამასთან, შარშან ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა ზუსტად 100 მატჩი გამართა, რომელთაგან 83 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 13 წააგო. კონკრეტულად რუს “დათვებთან” “ბორჯღალოსნებს” ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები