Thumbnail

დღეს, იუვენტუსი და ნაპოლი იტალიის სუპერთასისთვის იბრძოლებენ. შეხვედრა რეჯო ემილიაში გაიმართება. მატჩი დიდ ინტერესს იწვევს მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი არასტაბილურია.

იუვენტუსმა ივნისში იტალიის თასის ფინალი პენალტების სერია A-ში სწორედ ნაპოლისთან წააგო. მაშინ ჯენარო გატუზომ კარიერაში პირველი სამწვრთნელო ტიტული მოიპოვა. ახლა, 'რინოს' ზედიზედ მეორე ჯილდოს მოგების შანსი აქვს, ხოლო მის მეგობარ ანდრეა პირლოს - პირველის. იუვეს მწვრთნელისთვის ეს თამაში ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მის მიმართ ძალიან დიდი კრიტიკაა.

იუვენტუსი, ბევრი ექსპერტის აზრით, ბოლო 10 წელიწადში ყველაზე სუსტი და უმოტივაციოა. 3 დღის წინ იუვემ ინტერთან უშანსოდ წააგო და სერია A-ში მხოლოდ მე-5 ადგილზეა. მას ნაპოლიმაც გადაასწრო, რომელმაც იმავე დღეს ფლორენციის ფიორენტინასთან გოლეადა მოაწყო და 6:0 გაიმარჯვა. ამგვარად, მატჩის წინ ნეაპოლელთა რიგებში გაცილებით კარგი განწყობაა, ვიდრე ტურინელთა ბანაკში.

იუვენტუსის და ნაპოლის შორის წლებია, დაძაბული ურთიერთობაა. მიმდინარე სეზონში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. 4 ოქტომბერს, ნაპოლი ტურინში უნდა ჩასულიყო, მაგრამ გუნდში ორი ფეხბურთელი იყო კოვიდინფიცირებული და ამის გამო ნეაპოლის ჯანდაცვის უწყებამ გუნდს ქალაქის დატოვების უფლება არ მისცა. პროტოკოლით, თუ გუნდს მინიმუმ 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს, ვალდებულია, ითამაშოს და ამიტომაც, თავდაპირველად ნაპოლის 0:3 ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და სატურნირო ცხრილში ქულაც დააკლეს.

ნაპოლიმ ივნისში იტალიის თასის ფინალში იუვეს მოუგო

მოგვიანებით, ნეაპოლელებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რაც დაკმაყოფილდა - ქულაც დაუბრუნდა და ტექნიკური წაგებაც ანულირდა. შესაბამისად, თამაში გადადებულად ითვლება, მაგრამ როდის ჩატარება უცნობია. ცხადია, ამ ყველაფერს იტალიაში დიდი რეზონანსი ჰქონდა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს ერთადერთი პრეცედენტია, როდესაც გუნდმა მხოლოდ ორი კოვიდინფიცირებული ფეხბურთელის გამო არ ითამაშა. იმავე იტალიაში სხვა კლუბები მსგავს სიტუაციაში თამაშობენ. ცნობისთვის, ნაპოლის ახლაც ჰყავს კოვიდინფიცირებული ორი მოთაშე (ვიქტორ ოსიმინე და ფაბიან რუისი), მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს.

ნაპოლის სწორედ ზემოთ ხსენებული დანაკლისი აქვს, ხოლო იუვენტუსს პაულო დიბალა ჰყავს ტრავმირებული, კორონავირუსი კი მატეის დე ლიხტსა და ალექს სანდროსა აქვთ. გუშინ გუნდს ტრავმის გამო მერიჰ დემირალიც გამოაკლდა. ამგვარად, პირლოს დანაკლისი გაცილებით სერიოზული და საგანგაშოა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი ჰქონდა ხუან კუადრადოსაც, მაგრამ დღეს მისი ტესტი უარყოფითი გამოდგა, თვითიზოლაცია დაასრულა და რეჯიო ემილიაში გაემგზავრა. სავარაუდოდ, მას მოედანზეც ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ამ მატჩის გადადებაც სურდა, რის მოტივადაც მჭიდრო კალენდარი და უმაყურებლო სტადიონი დაასახელა, მაგრამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ნეაპოლელთა ხელმძღვანელის ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

გატუზო და პირლო ერთმანეთს კარგად იცნობენ

პირლო და გატუზო დიდი ხნის მეგობრები არიან და ისინი პირველად დაუპირისპირდებიან მწვრთნელების რანგში ერთმანეთს. შესაბამისად, საინტერესო იქნება რას შემოგვთავაზებენ ისინი და ვინ მოიგებს ამ დუელში. მოტივაცია დიდია და სასწორზე ტიტული დევს, რაც ორივესთვის მნიშვნელოვანია. იუვენტუსს თავდაჯერებისთვის ძალიან სჭირდება ამ მატჩის მოგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, იუვეს კრიზისული პერიოდი საბოლოოდ გაიხსნას. მეორეს მხრივ, ნაპოლისთვის იუვენტუსთან გამარჯვება არათუ სატიტულე მატჩში, არამედ სპარინგშიც ბევრს ნიშნავს და ამ მხრივ, ნეაპოლელთა მოტივაცია ძალზე მაღალია.

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსი და ნაპოლი იტალიის სუპერთასზე ბოლო 9 წელიწადში მესამედ შეხვდებიან და თითოჯერ მოიგეს. 2012 წელს ტურინელებმა დამატებით დროში იმარჯვეს, ხოლო 2014 წელს ნეაპოლელებმა პენალტების სერიაში. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში ის გუნდი დამარცხდა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა (1:0-ს).

⚽ იუვენტუსი იტალიის სუპერთასზე ზედიზედ მეცხრედ ითამაშებს და წინა 8 ფინალიდან 4 მოიგო, 4 - წააგო.

იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი ბოლოს 2 წლის წინ მოიგო

⚽ კრიშტიანო რონალდოს სერია A-ს ბოლო 8 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და აქედან 5 შესვენების შემდეგ.

⚽ იუვენტუსის და ნაპოლის ბოლო 6 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვენტუსს ნაპოლი 2019 წლის აგვისტოს შემდეგ არ დაუმარცხებია. ბოლო 6 მატჩიდდან 3 ტურინელებმა მოიგეს, 2 ნეაპოლელებმა და ერთხელ ფრე დაფიქსირდა.

⚽ ნაპოლის ბოლო 6 თამაშში 5-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 5-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვენტუსის ბოლო 6 თამაშში 5-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. ტურინელებს ამ 6 მატჩში კარი მშრალად არ შეუნახავთ.

⚽ იუვენტუსს იტალიის სუპერთასი 8-ჯერ აქვს მოგებული, რაც რეკორდია, ხოლო ნაპოლიმ ეს ჯილდო ორჯერ მოიგო და ორჯერვე იუვენტუსის წინააღმდეგ. ზოგადად, ნეაპოლელებს სუპერთასზე სამჯერ უთამაშიათ და სამჯერვე იუვესთან მოუწიათ დაპირისპირება.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, კიელინი, ბერნარდესკი - კიეზა, მაკკენი, არტური, კულუშევსკი - რონალდო, მორატა
ტრავმა ან კოვიდინფიცირებულები: დიბალა, დე ლიხტი, ალექს სანდრო

ნაპოლი (4-2-3-1): ოსპინა - დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, მარიო რუი - დემე, ბაკაიოკო - ლოსანო, ზიელინსკი, ინსინიე - პეტანია
კოვიდინფიცირებული: ფაბიან რუისი

კომენტარები

ბოლო ამბები