Thumbnail

დავიდ ალაბა მადრიდის რეალში გადასვლა გადაწყვეტილი არ არის! ამის შესახებ მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელის მამამ, ჯორჯ ალაბამ ისაუბრა. მან უარყო დღეს დილით, ესპანური ‘მარკას’ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ალაბა და ‘სამეფო კლუბი’ ყველაფერზე შეთანხმდნენ.

“გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, დავიდს რეალთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. მადრიდულ გრანდთან ერთად, მისი გადაბირებით კიდევ რამდენიმე გრანდია დაინტერესებული,” - განუცხადა უფროსმა ალაბამ გერმანულ SPORT1-ს.

მანამდე, ესპანური ‘მარკა’ წერდა, რომ დავიდ ალაბა და მადრიდის რეალი 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ავსტრიელი ‘სამეფო კლუბში’ წელიწადში 11 მილიონ ევროს მიიღებს.

ალაბას ბაიერნთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და ამ სეზონის შემდეგ მიუნხენური გრანდის დატოვება უფასოდ შეუძლია. SPORT1 წერს, რომ 28 წლის ავსტრიელ მცველს სწორედ რეალში სურს გადასვლა, თუმცა მხარეები ჯერ ყველაფერზე არ შეთანხმებულან. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მისი გადაბირება ბარსელონას, მანჩესტერ სიტის და პარი სენ-ჟერმენსაც სურთ.

შეგახსენებთ, რომ ალაბამ ბაიერნს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი შემოდგომაზე უთხრა. რეკორდმაისტერი მას გაცილებით ნაკლებ ხელფასს სთავაზობდა. 1 იანვრიდან ავსტრიელ ფეხბურთელს და მის აგენტებს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება შეეძლოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები