Thumbnail

'ახლა მეტოქეებს ორნი დავაფრთხობთ' - ზლატანს მანჯუკიჩის მილანში მისვლა ახარებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანმა მარიო მანჯუკიჩის დამატების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
  • ფორვარდი მილანში 9-ნომრიანი მაისურით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს 
  • მილანის მთავარი მწვრთნელი და მთავარი ბომბარდირი კმაყოფილები არიან

მილანმა მარიო მანჯუკიჩთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. მანამდე 34 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა მილანში სამედიცინო შემოწმება გაიარა და "როსონერის" ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი მისი ერთი წლის გახანგრძლივების შესახებ.

მარიომ მილანში N9 აირჩია, რომელიც გუნდიდან პოლონელი თავდამსხმელის, კშიშტოფ პიონტეკის წასვლის შემდეგ გამოთავისუფლდა.

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ბოლოს ყატარში, ალ-დუჰაილის ღირსებას იცავდა, მაგრამ აზია მალევე დატოვა და უკანასკნელი თვეები უგუნდოდ იმყოფებოდა. შესაბამისად, ხორვატი მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ შეუერთდა.

მილანი გამოცდილი ფორვარდით გაძლიერდა

მანჯუკიჩის დამატების გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ გააკეთა: 

"დასახული მიზნების მისაღწევად, ცვლილებები და როტაცია გარდაუვალია. საჭიროა გვქონდეს რამდენიმე ვარიანტი და მიხარია, რომ კლუბის მფლობელებმა ეს არჩევანი გააკეთეს. მანჯუკიჩის მოსვლით კმაყოფილი ვარ. რაც უფრო მეტი ძლიერი მოთამაშე გვეყოლება, მით უკეთესი. ვესაუბრე მას. ფორმის აღსადგენად შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს, რადგან დიდი ხანია, არ უთამაშია". 

მარიომ იუვენტუსში სკუდეტო ზედიზედ 5-ჯერ მოიგო

მარიოს მილანში მისვლამ გუნდის ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩიც გაახარა. შვედმა ბომბარდირმა ჟურნალისტებს უთხრა: 

"მარიომ კონტრაქტი გააფორმა, ის მილანს შეუერთდა. ასე რომ, ახლა ორნი დავაფრთხობთ მეტოქეებს". 

იბრამ სერია A-ს 8 მატჩში 12 გოლის გატანა უკვე მოახერხა

მარიომ თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მარსონიას, ზაგრების, დინამო ზაგრების, ვოლფსბურგის, ბაიერნის,  მადრიდის ატლეტიკოს და იუვენტუსის შემადგენლობაში ითამაშა. ხორვატი ტურინში 2015-20 წლებში გამოდიოდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 162 თამაშში 44 გოლით გამოირჩა.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს, ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ, მილანი 43 ქულით ლიდერობს, რომელიც 3 ქულით უსწრებს ინტერს. სტეფანო პიოლის გუნდი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს, შინ ატალანტასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები