Thumbnail

'აქ დაყოვნება მავნებელია' - რუსული მედია ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

რუსეთის ჩემპიონატში პაუზაა, გუნდები სეზონის განახლებისთვის შეკრებებზე ემზადებიან, ადგილობრივი მედია კი იმ ფეხბურთელებზე წერს, რომლებისთვისაც რუსულ ლიგაში დარჩენა მიზანშეწონილი აღარაა. დასახელებულ მოთამაშეებს შორის მოხვდა ყაზანის რუბინის 19 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის ევროპაში მოსალოდნელ ტრანსფერზე უკვე კარგა ხანია იწერება.

კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესებულ ევროპულ კლუბებს შორის დასახელებული იყო დორტმუნდის ბორუსია, ესპანური სევილია, იტალიური: უდინეზე, სასუოლო და ტორინო, ავსტრიული ზალცბურგი და ბელგიური გენტი...

მაგრამ, ჯერჯერობით ხვიჩა რუბინში რჩება და ამჟამად გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება, საიტი football24 კი სტატიაში, სათაურით - "...მოთამაშეები, რომლებისთვისაც რუსეთის პრემიერლიგაში დაყოვნება მავნებელია",  ქართველ ტალანტზე შემდეგს წერს: 

"გასაგებია, რომ რუბინი ახლა საკმაოდ მოკრძალებულია საიმისოდ, რათა დრიბლიორი ხვიჩა დიდხანს შეინარჩუნოს. წინადადებები საკმარისადაა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთში დიდხანს დარჩენას თავადაც არ აპირებს - ამის შესახებ საქართველოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, რომელსაც 20 წელი თებერვალში უსრულდება, თავად ისაუბრა. 

ხვიჩა კვარაცხელია ტანზე იუვენტუსის ფორმასაც იზომავს

ყაზანურ კლუბში სწორად უდგებიან მთავარი ტალანტის განვითარებას და მის სწრაფვას, თავი ევროპაში გამოსცადოს. "ჩვენ არა მხოლოდ ფინანსები გვაინტერესებს, არამედ ისიც, რომ ბიჭი გაიზარდოს და განვითარდეს. რაც შეეხება თანხაზე საუბარს, დაე, თავად შემოგვთავაზონ წინადადება", - ამბობდა დეკემბერში რუბინის გენდირექტორი რუსტემ საიმანოვი

ხვიჩას სასწრაფოდ გაყიდვა ყაზანელების უპირველესი ამოცანა არაა, მაგრამ მსუყე წინადადებას, რომელიც ყველა მხარეს (მათ შორის აგენტს) დააკმაყოფილებს, მომავალ ზაფხულს ლამაზი ტრანსფერის ორგანიზება შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ კვარაცხელია მენტალურად ჯერ ბოლომდე არ არის გაზრდილი (სლუცკის სიტყვები იმის შესახებ, რომ ბიჭი ჯერ კიდევ "დისნეილენდში" ცხოვრობს) და რუბინს მისი გამობრძმედვა რუსეთის პრემიერლიგაში კიდევ მოუწევს. ვნახოთ, როგორი იქნება გენიოსის პროგრესი გაზაფხულზე. ხვიჩას წასვლა კი უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მაინც გარდაუვალი გვგონია". 

ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორია

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში 2019 წლის თებერვალში გადაბარგდა და სეზონი იჯარით მოსკოვის ლოკომოტივში ჩაამთავრა, იმავე წლის ზაფხულში კი ყაზანის რუბინში გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც Transfermarkt 10 მილიონ ევროდ აფასებს, მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტიც მოიპოვა. 

ყაზანის რუბინს რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები