Thumbnail

მეორე თამაში ჯეიმს ჰარდენთან ერთად და მეორე გამარჯვება - ბრუკლინმა მილუოკის შთამბეჭდავი თრილერი 125:123 მოუგო!

მატჩის ბოლოს ორივე ტოპ-გუნდი მაგრად იბრძოდა გამარჯვებისთვის, მაგრამ კრის მიდლტონმა ბრუკლინი კევინ დურანტის შეცდომის გამო ვერ დასაჯა. მართალია, 32 წლის KD-მ ნეტსი საფინალო სირენამდე 36,8 წამით ადრე დააწინაურა, მაგრამ მერე ბურთი დაკარგა, რითაც მიდლტონმა ვერ ისარგებლა. ამრიგად, მილუოკიმ ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ ისევ წააგო, ნეტსი კი უკვე 4 თამაშია, არ დამარცხებულა.

ეს გამარჯვება პირველ რიგში დურანტის და ჰარდენის დამსახურებაა. ჰიუსტონიდან ბლოკბასტერ-ტრეიდის შემდეგ ჰარდენმა მეორე შეხვედრაშიც (თანაც, ტოპ-მატჩში) შესანიშნავად ითამაშა და ბრუკლინიდან ყველაზე პროდუქტიული გახლდათ - მან 34 ქულა, 12 პასი და 6 მოხსნა დააგროვა, თუმცა 6 დაკარგვაც ჰქონდა. დურანტმა 30 ქულა ჩააგდო და ამას 9 მოხსნა და 6 პასი, ასევე 2 დაფარებაც დაუმატა.

დურანტს და ჰარდენს მილუოკიდან ყველაზე მეტად, ცხადია, იანის ანტეტოკუნმპო უპირისპირდებოდა, რომელმაც 34 ქულით და 12 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ბერძენთან ერთად მაგრად იბრძოდა მიდლტონიც (25 ქულა), თუმცა მან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო (5-ჯერ სცადა). ბრუკლინს მომდევნო მატჩი კლივლენდ კავალიერსთან სტუმრად ელის, იანისის გუნდი კი უკვე ლეიკერსს დაუპირისპირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები