Thumbnail

'ავსტრალიელების კარგად მესმის' - კალაშნიკოვა Aus Open-ის წინ მკაცრ კარანტინშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დიდი სკანდალი Australian Open-ის დაწყების წინ
  • ოქსანა კალაშნიკოვას კომენტარი

წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის წინ სკანდალური სიტუაციაა, რომელიც, რა თქმა უნდა, მსოფლიო პანდემიას უკავშირდება. მელბურნში ღია პირველობის მონაწილე 72 ჩოგბურთელი მკაცრ კარანტინშია. რის გამოც უკვე იყო ბუნტისა და კარანტინიდან გაქცევის მცდელობები. 72 ჩოგბურთელიდან ერთ-ერთი 30 წლის ქართველი ოქსანა კალაშნიკოვაა, რომელიც ტრადიციულად, წყვილთა თანრიგში იასპარეზებს.

ავსტრალიაში კორონავირუსის პანდემიას კარგად უმკლავდებიან. ეს კი მკაცრი აკრძალვებისა და მუდმივი კონტროლის დამსახურებაა. უცხოეთიდან ავსტრალიაში მოხვედრა კი არა, შტატებს შორის გადაადგილებაც რთულია. 

მთავრობასთან მოლაპარაკების შემდეგ დადგინდა, რომ წლის პირველი დიდი სლემი მაინც გაიმართებოდა. 1000-მდე მონაწილე კი ავსტრალიაში ჩარტერული რეისებით ჩაფრინდებოდა. შემდეგ კი ყველა ჩოგბურთელი 14-დღიან კარანტინს გაივლიდა. 

18 ჩარტერული რეისიდან 3-ში (ლოს ანჯელესიდან, აბუ-დაბიდან და დოჰადან) კორონავირუსის თითო დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ თვითმფრინავებში მსხდომი ყველა ადამიანი მკაცრ კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის კი 72 ჩოგბურთელია.  ამ ჩოგბურთელებს სხვებისგან განხვავებით, დღეში ვარჯიშისთვის გამოყოფილი 5 საათიც არ აქვთ, ისინი სასტუმროს ნომრებში ჰყავთ "გამომწყვდეული". 

ქალთა შორის ტოპოცეულის 4 წარმომადგენელი მოხვდა მკაცრ კარანტინში (ანდრეესკუ, პლიშკოვა, ბენჩიჩი და აზარენკა), ასევე 2016 წლის გამარჯვებული ანჟელიკ კერბერი, კეი ნიშიკორი და სხვები. აბუ-დაბიდან იმგზავრა ოქსანა კალაშნიკოვამ და ისიც მკაცრ კარანტინში მოხვდა და ვერ ვარჯიშობს. 

ორგანიზატორების თქმით, მკაცრ კარანტინში მხოლოდ იმ სექციის ადამიანებს გადაიყვანდნენ, სადაც კოვიდინფიცირებული აღმოჩნდებოდა, მაგრამ მას მერე, რაც "ინტაგრამზე" რუსი ჩოგბურთელის სვეტლანა კუზნეცოვას "სთორი" ნახეს, გადაიფიქრეს და მთელი თვითმფრინავი მკაცრ კარანტინში გაუშვეს. კუზნეცოვა რეისის დროს, პირბადის გარეშე გადაადგილდებოდა სექციებს შორის. 

ოქსანა კალაშნიკოვა: "მე კარგად მესმის, რატომ მიიღეს ასეთი მკაცრი ზომები. ყოველი მთავრობა ზრუნავს, რომ ქვეყანაში ნაკლებად გავრცელდეს კორონავირუსი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს თვითმფრინავში ვინმეს დადებითი პასუხი დაუფიქსირდებოდა, რადგან ყველამ მანამდე ჩავიტარეთ ტესტები. 
ძალიან რთული იქნება, ვინაიდან, სხვა მოთამაშეებს უპირატესობა ექნებათ, მათ ვარჯიშისა და მომზადების უფლება აქვთ, ჩვენ კი - არა. ახლა ყველა წილისყრაზე ვართ დამოკიდებული. იქნებ, გაგვიმართლდეს და ჩვენსავით დაჩაგრული მოწინააღმდეგე შეგვხვდეს. ამ შემთხვევაში, შანსები თანაბარი იქნება". 

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნში 10-22 თებერვალს გაიმართება. წლეულს საკვალიფიკაციო ტურნირს დოჰამ უმასპინძლა (პანდემიის გამო), სადაც ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე მონაწილეობდნენ, მათ ძირითადი ბადის საგზური ვერ მოიპოვეს. მელბურნში ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი ითამაშებს, წყვილებში კი - ოქსანა კალაშნიკოვა. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი $71 მილიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები