Thumbnail

საბურთალოდან ბათუმში - ლაზარე კუპატაძე დინამოს ფეხბურთელია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ეროვნული ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე დაიმატა. თბილისის საბურთალოს ყოფილმა მეკარემ ზღვისპირელებთან 1+2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პოპსპორტი 24 წლის მეკარეს დაუკავშირდა და მან დინამო ბათუმის ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც კუპატაძემ განაცხადა, ბედნიერია, რადგან დინამო ბათუმი სწორად ვითარდება და კლუბში ყველა ერთი მიზნისთვისაა გაერთიანებული.

POPSPORT: როგორ შეაფასებ დინამო ბათუმში ტრანსფერს?

ლაზარე კუპატაძე: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში მოვხვდი. კლუბი სწორად ვითარდება. ყველა გაერთიანებულია ერთი მიზნისთვის და ეს ერთობა, დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგებს გამოიღებს, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელიც ყველას გვაქვს დასახული.

POPSPORT: შენს არჩევანში გია გეგუჩაძემ თუ ითამაშა როლი?

კუპატაძე: რა თქმა უნდა, მისი ფაქტორი დიდი იყო, რადგან მიმუშავია მასთან საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში და ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს, როდესაც მისი ხელმძღვანელობით ვთამაშობდი.

POPSPORT: ადაპტაციის პერიოდი როგორ წარმოგიდგენია?

კუპატაძე: ვფიქრობ, რომ ადაპტაცია არ გამიჭირდება, რადგან არიან გუნდში ფეხბურთელები, რომლებთანაც ადრე მითამაშია. საქართველოს ნაკრებშიც, ჯიღაურთან, ნავალოვსკისთან, კობახიძესთან ერთად ვიყავი და ძალიან მეგობრული გარემო იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ გუნდს ძალიან კომფორტულად შევეწყობი.

POPSPORT: ბათუმში, კონკრეტულად ქალაქთან შეგუების პროცესზე რას იტყოდი?

კუპატაძე: ბათუმში აქამდე მაქსიმუმ 3-4 დღით ჩავდიოდი, ისიც დასასვენებლად. ძალიან მომწონს ეს ქალაქი. როდესაც სათამაშოდ ჩავდიოდი, მაშინაც ძალიან კარგი ატმოსფერო იყო - მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე გუნდს ქომაგობდნენ. მეც დიდი სიამოვნებით ველოდი იმ მატჩებს, როცა დინამო ბათუმთან ბათუმში გვიწევდა თამაში, სტადიონზე შექმნილი სიტუაცია ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა. ახლა მითუმეტეს, გაორმაგებული სტიმული იქნება, რადგან ეს გულშემატკივრები ჩვენს მხარეს იქნებიან და ბათუმის სტადიონზე მეტოქის სტატუსით არ ვიქნები.

POPSPORT: ბათუმის ახალ სტადიონზე, სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში როგორ წარმოგიდგენია?

კუპატაძე: ძალიან სასიამოვნო იქნება და ყველა მოუთმენლად ველოდებით. ზუსტად წარმომიდგენია, როგორი თამაში იქნება პირველ მატჩზე, როდესაც გულშემატკივრების დასწრება იქნება შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ ასეთ გარემოში ფეხბურთელს რაც შეუძლია, ყველაფერი უნდა გააკეთოს და ქომაგებიც არ მოგვცემენ მოდუნებას უფლებას. ზუსტად ვიცი, როგორი გულშემატკივრები ჰყავს დინამო ბათუმს და ძალიან მიხარია, რომ მარტო არ ვარ, ბევრი ადამიანია ერთი საქმისთვის გაერთიანებული. სასიამოვნო იქნება, როდესაც გულშემატკივრების წინაშე მოგვიწევს თამაში.

POPSPORT: საქართველოს ნაკრებში შენც გიძახებდნენ და ვლადიმირ ვაისი დინამო ბათუმიდანაც სისტემატურად იწვევდა მოთამაშეებს. როგორია შენი სანაკრებო ამბიციები?

კუპატაძე: ჩემი მიზანი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო. თუმცა ამისთვის დროა საჭირო, გეგმას უნდა მიჰყვე და შანსს დაელოდო. ჩემი მიზანია, რომ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო და ვფიქრობ, დინამო ბათუმიდან არის იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრებში ადგილი მოვიპოვო. დაველოდები ჩემს შანსს, მივყვები ჩემს გეგმებს და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, დადგება მომენტი, როცა საქართველოს ნაკრების კარს დავიცავ.

POPSPORT: რა იქნება ახალ სეზონში დინამო ბათუმის მთავარი მიზანი?

კუპატაძე: პირველ რიგში ჩემპიონობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამის დრო მოვიდა. რაც შეეხება ევროტურნირებს: ვეცდებით, რაც შეიძლება შორს გავიდეთ და მაქსიმალურად ბევრი ეტაპი გავიაროთ.

ლაზარე კუპატაძე საბურთალოს აკადემიის აღზრდილია, რომლის რიგებში 2013-2015, 2017-2018 და 2019-2020 წლებში 128 მატჩი ჩაატარა. 2015-2016 წლებში მან თბილისის ლოკომოტივში ითამაშა (16 თამაში), ხოლო 2018-2019 წლების სეზონი ლუქსემბურგის იუნესში გაატარა (3 მატჩი). 24 წლის მეკარეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 9-ჯერ უთამაშია, ეროვნულ ნაკრებში კი ბოლო პერიოდში სისტემატურად იწვევდნენ, თუმცა მოედანზე გასვლა არ უწევდა.

დინამო ბათუმმა ლაზარე კუპატაძემდე ოფიციალურად დაადასტურა ვამარა სანოგოსგიორგი ზარიასრაფაელ ჩუკვურასსანდრო ალთუნაშვილისგრიგოლ ჩაბრაძისა და გიორგი ფანცულაიას ტრანსფერები.

კომენტარები

ბოლო ამბები